რეზონანსი
27.03.2017

 გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,რომ პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის ხელმოწერა, სიმბოლურია. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო, რომ პრეზიდენტს არ მოეწერა ხელი და ეს მის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს გაეკეთებინა. თუმცა, როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს როლის და მისი გადაწყვეტილებების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ის პრეზიდენტს.

„პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება აქტიური კონსულტაცია ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ამ ბრძოლაში არის დაინტერესებული. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პროდუქტი, უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს მითითებებს " , - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია და ხელმოსაწერად გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე.

უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა საჭირო. სასამართლომ ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×