რეზონანსი
28.03.2017

 ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევიდა. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

იცვლება მოგზაურობის წესები, მზადების პროცედურები და ხანგრძლივობა. დღეიდან აღარ არის საჭირო ერთი თვით ადრე საელჩოში გასაუბრების დანიშვნა, სავიზო აპლიკაციის შევსება. უქმდება სავიზო მოსაკრებელი - 35 ევრო. მთავარი დოკუმენტი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტია.

პასპორტთან ერთად, საქართველოს მოქალაქემ მესაზღვრეს სამშობლოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს. ასეთი შეიძლება იყოს ამონაწერი ბანკიდან ან ნაღდი ფული - მოგზაურობის ერთ დღეზე, საშუალოდ 50 ევრო.

საქართველო 61-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ. ამ უფლებით უკვე სარგებლობს ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, ასევე, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, გაერთიანებული საემიროები, იაპონია, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ბალკანეთის სახელმწიფოები და რამდენიმე სხვა ქვეყანა.

„Wikipedia"-ზე საქართველო უკვე იმ სახელმწიფოებს შორისაა მითითებული, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოხვედრა შეუძლიათ.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ხელი 1 მარტს მოეწერა. 8 მარტს გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×