ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის, ივეტა ვეიონისის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში , პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პირველმა ლედიმ ივეტა ვეიონისს სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სიმბოლურია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში დღეს შევიდა.
„ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო არის ახლო პარტნიორი როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისთვის", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ პოზიციისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ აფიქსირებს.
„საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც გაგრძელდება. ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ სფეროში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით, სამხედრო სფეროში", - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა.
ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად გუშინ ეწვია. ეს პრეზიდენტის რანგში, საქართველოში ვეიონისის პირველი ვიზიტია.