დაკავებულ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 17:00 საათზეა ჩანიშნული.
საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნა წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა.
დაკავებული დეკანოზის ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი 8 მარტს გაასაჯაროვა.