„ბრექსიტის" ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე, შოტლანდიაში გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა „independent"-ი იუწყება.
პროცედურების დაწყებამდე შოტლანდიას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ესტუმრა. ტერეზა მეი, შოტლანდიის პირველ მინისტრს, ნიკოლა სტარჯონს შეხვდა.
ტერეზა მეიმ შეხვედრას გულითადი და საქმიანი უწოდა. შოტლანდიაში გამგზავრებამდე ბრიტანეთის პრემიერმინსიტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები იწყება და ახლა მეორე რეფერენდუმზე სასაუბროდ კარგი დრო არ არის.
ბრიტანეთიდან გამოყოფის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებაზე, შოტლანდიის ასამბლეა კენჭისყრას გამართავს. კენჭისყრის პროცედურა გასულ ოთხშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა, ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო გადაიდო.
შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყვნენ, თუმცა, ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. საბოლოოდ ინგლისმა და უელსმა გაიმარჯვა, რომლებიც „ბრექსიტის" მომხრეები არიან.
„euronews"-ის ინფორმაციით, „ბექსიტის" პროცედურების დაწყებისთანავე, ნიკოლა სტარჯონი აცხადებდა, „თუ ბრიტანეთი გავა ევროკავშირიდან, შოტლანდია გავა ბრიტანეთიდან".