საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, "ჩვენი ამბიციაა, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს."
ამასთან დაკავშირებით მინისტრმა 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.
რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მინისტრის მიერ გამოთქმული ამბიცია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
ქეთი ბექაური (იურისტი): თუ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად მოინდომებს, მაშინ რეალური იქნება. უერთმანეთოდ არაფერი არ გამოვა. მზაობა ამისთვის გამოთქმულია. მთავარია, საქართველომ ამ გზიდან არ გადაუხვიოს. შეიძლება კოლოსალური ცვლილებები არ განხორციელდეს, მაგრამ ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ეტაპობრივად შეასრულოს. ამ ერთ წარმატებას მთელი რიგი წარმატებები მოჰყვება.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ამ 6 პუნქტის შესრულება, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, სავსებით რეალურია. მით უმეტეს, რომ ევროკავშირი ჩვენკენ ნაბიჯებს თვითონ დგამს. ამ ხელისუფლების მოქმედებებს თუ დავაკვირდებით, ასეთი ნაბიჯები იშვიათად თუ შეიმჩნევა და ისიც ალბათ ძალდატანების შედეგად. ამ ხელისუფლების პირობებში იმედები მიცრუვდება. აღნიშნული 6-პუნქტიანი გეგმა სავსებით რეალურია, თუ ნორმალური ხელისუფლება მოვა.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): სათქმელად ძნელია. ვხედავთ, რომ არ არის იოლად გასავლელი გზა. ჩვენ უნდა ვეცადოთ და თუ არ გამოგვივა, ევროპელების ბრალი არ იქნება, ჩვენს საზოგადეობაზეა დამოკიდებული.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): რატომაც არა. თუ ხელისუფლება და ხალხი ერთად მოინდომებს, რატომაც არ შესრულდება?! არაფერი შეუსრულებელი და საოცარი არ არის. მით უმეტეს, კურსი ამ მხრივ აღებული გვაქვს. თუმცა ერთი რამაა, ეს ყველაფერი ფურცელზე დეკლარირებული არ დარჩეს და მართლაც შესრულებული იყოს. თუ ხელისუფლება მოინდომებს, რომ ხალხის ნება შესრულდეს და არ აცდეს საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი ჰარმონიული იქნება. ცალკე ეს ყველაფერი არ იარსებებს.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მიმაჩნია, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. ეს უბრალოდ სურვილია. გაისმა ხმები, რომ ჩვენ კიდევ უნდა მივიღოთ არაბების, აზიელებისა და აფრიკელების დევნილი მოსახლეობა, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რით დამთავრდება? ისინი გადასარევად მრავლდებიან, ჩვენ კი - ძალიან ცუდად. პლუს ევროპაში ბავშვების ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა გვაქვს. ამას ემატება ის, რომ ვიზალიბერალიზაცია, რომლიც ახლა ძალიან მიხარია, ქვეყნიდან ხალხის გაქცევის კიდევ ერთი მშვენიერი საშუალება გახდება. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი რომ შესრულდეს, 50 წლის შემდეგ ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე