ეკატერინე ბასილაია
29.03.2017

 ვიზალიბერალიზაცია უკვე გვაქვს, შემდეგი ნაბიჯი და საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა, - ამ აზრს ეთანხმება თბილისში ყველა - მთავრობა, ოპოზიცია თუ ანალიტიკოსები, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას წელს არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ხელს არც არაფერი გვიშლის და არც არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

მთავრობის არგუმენტი ისაა, რომ უახლოეს წლებში საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში, არც საქართველოა ამისთვის მზად, არც ევროკავშირი და ამიტომ განაცხადი არასერიოზულია.

ანალიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებას ეთანხმება იმაში, რომ განაცხადი არაფერს მოგვცემს, შესაძლოა ისიც, რომ ევროპის ქვეყნებმა ეს ჩვენი მხრიდან გამოწვევად მიიღოს და ამიტომ არ ღირს. ანალიტიკოსების მეორე ნაწილი თვლის, რომ მართალია, დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის, მაგრამ განაცხადის გაკეთებით არაფერი შავდება. ასე მოხდა მაგალითად ნატო-სთან დაკავშირებითაც და 2002 წელს, როდესაც საქართველომ ნატო-ს წევრობაზე განაცხადი გააკეთა, არც მომხრე ჰყავდა ვინმე ალიანსის შიგნით და არც არავინ შეჰპირებია გაწევრიანებას, მაგრამ დღეს მომხრეებიც მოიპოვა და ამ გზაზე წინსვლაც აქვს.

გუშინ უვიზოდ ათენში სტუდენტებთან ერთად სიმბოლურად გაემგზავრნენ პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. თბილისის აეროპორტიდან გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, თუმცა არ უთქვამს, როდის აპირებს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენას.

მინისტრს გასული წლის დეკემბრის ბოლოს მედიასთან 3-წლიანი მუშაობის შედეგის შეჯამებისას აქვს ნათქვამი, რომ "საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ გააკეთებს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება და შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც იქნება მზად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს გასაგები, შესრულებადი და რეალური."

მან მაშინ თქვა ისიც, რომ მთავრობამ მოსახლეობას ცრუ მოლოდინი არ უნდა გაუჩინოს და "არ უნდა ვუთხრათ, რომ ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი."

"2017 წელს მე ვერ დავგეგმავ ევროკავშირში გაწევრიანებას იმიტომ, რომ ეს არარეალურია," - აღნიშნა ჯანელიძემ და ამ განცხადებებით ერთგვარი მინიშნებაც გააკეთა, რომ 2017 წელს განაცხადი არ გაკეთდება.

რა გვიშლის ხელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ? - ამაზე ანალიტიკოსების აზრი განსხვავებულია.

ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის გაცხადებით, "განაცხადის გაკეთებას არაფერი არ სჭირდება."

"განაცხადის გაკეთება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ის მზად არის, ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის მოთხოვნები შეასრულოს და აიღოს ვალდებულებები, სამომავლოდ წევრი სახელმწიფო იყოს. ეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ქვეყანამ გააკეთოს, შეზღუდვა არ არის. ოფიციალური პოზიციაა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ გახსნილი არ არის. მათგან მესმის, რომ ევროკავშირში არ არის ისეთი სიტუაცია, ჩვენ განაცხადი გავაკეთოთ ან არ გვინდა, ევროკავშირს სიურპრიზი მოვუწყოთ," - ამბობს ჩხიკვაძე.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ განაცხადზე შეზღუდვა არ არსებობს და ეს ქვეყანას არც არაფერს ავნებს, თუმცა არც რაიმეს მოუტანს - ეს იქნება წმინდა სიმბოლური ნაბიჯი.

"თავისთავად არაფერი არ გვიშლის, ყველას შეუძლია, განაცხადი შეიტანოს. შევიტანთ თუ არა, ეს უფრო ტაქტიკის ამბავია. ასევე შეგვეძლო ან 10 წლის წინ, ან 5 წლის წინაც შეგვეტანა და მაშინაც არაფერი გვიშლიდა ხელს. არანაირი გამოწვევა და რისკი არ იქნება. უბრალოდ წინასწარ ვიცით, რომ დღეს და ხვალ საამისოდ არანაირი მხარდაჭერა არ იქნება და ეს იქნება წმინდად სიმბოლური.

"იმას, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა, ჩვენ ვაცხადებთ, წინა მთავრობაც ამბობდა, ახლანდელიც ამას ამბობს, რომ ეს გვინდა, მოსახლეობა მხარს უჭერს, ეს საიდუმლო არ არის," - აღნიშნავს ნოდია, თუმცა მას არ უკვირს, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე თავს იკავებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირში ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები გვირჩევდნენ, ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი გადავდოთ.

"ეს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, როდის სჯობს ასეთი ფორმალური ნაბიჯის გადადგმა, რადგან არაფორმალურად, დეკლარაციის დონეზე ეს ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი," - აცხადებს ნოდია.

ნოდიას თქმით, 2002 წელს, როდესაც ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გავაკეთეთ, მაშინაც ამას მაინცდამაინც სერიოზულად არავინ არ განიხილავდა, თუმცა მაშინ ეს განაცხადი იყო ზოგად ორიენტაციაზე, რომ ჩვენ აქეთკენ მივისწრაფვით და ეს ღირებულება გვაქვს. დღეს კი ევროკავშირში განაცხადის სიმბოლური შეტანით არაფერ ახალს სამყაროს არ ვეუბნებით, ამიტომაც შეიძლება დაველოდოთ იმ დროს, როდესაც ევროკავშირში განწყობები შეიცვლება და ახალი წევრების მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ.

"ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ წევრობაზე განაცხადის გაკეთება ჯერ ნაადრევია, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცით, უარს გვეტყვიან და "კონტექსტიდან ამოვარდნილები ვიქნებით", პლუს თვლის, რომ ეს "ჩვენს პერსპექტივაზე უარყოფითად იმოქმედებს."

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაწერილი არ არის, რომ ევროკავშირი ცნობს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ანუ, ეთანხმება იმას, რომ ჩვენ შეიძლება როდისმე გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია და ევროკავშირში აპლიკაცია რომ შევიტანოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკომისიას ამ აპლიკაციის განხილვა და შემდეგ უარყოფითი დასკვნის დაწერა მოუწევს. ეს კი დააზიანებს მცდელობას, რომ ამ ეტაპზე ევროპული პერსპექტივა მივიღოთ.

"კონტექსტიდან ამოვარდნილები ვიქნებით. საქართველომ არ ჰკითხოს არავის და ისე გააკეთოს განაცხადი, ეს გამოწვევასაც ჰგავს - აი, მე მინდა და მიმიღე. ამ დროს ჩვენ ევროკავშირთან იმდენად მჭიდრო ურთიერთობები გაქვს, იმდენი კონსულტაციები გვაქვს, ასე მათ დაუკითხავად და მათთან კონსულტაციის გარეშე განაცხადის გაკეთება ნამდვილად არასწორი იქნება. ამ ეტაპზე ეს უფრო ზიანს მოგვიტანს, ვიდრე რაიმე სარგებელს. ამ ეტაპზე ევროკავშირში ამგვარ ნაბიჯს პოზიტიურად არ აღიქვამენ. ეს დამატებითი პრობლემები იქნება და ეს იქნება შედეგი. ჩვენ უნდა დაველოდოთ ხელსაყრელ მომენტს და მანამდე ასოცირების შეთანხმების მაქსიმალურად გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ," - მიიჩნევს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, რამდენ წელში შეგვეძლება განაცხადის შეტანა, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება სიტუაცია. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოა და როდესაც ეს ქვეყნები გაწევრიანდებიან, შემდეგ შეიძლება, ჩვენი რიგიც მოვიდეს.

"მალე მონტენეგრო გახდება ევროკავშირის წვერი. უკვე კანდიდატი სახელმწიფოები არიან სერბეთი, ალბანეთი, მაკედონია. ბოსნია და კოსოვო ალბათ იქნებიან მომავალი ქვეყნები, რომლებიც ასევე დაიწყებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ხნის შემდეგ. შესაძლოა, გაწევრიანების კონტექსტში ჩვენი რიგი მოვიდეს მაშინ, როდესაც დასავლეთი ბალკანეთის უკვე კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანებას დაასრულებენ. ალბათ ევროკავშირის გაფართოების შემდგომი მიმართულება იქნება სწორედ საქართველო. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როგორც კი ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანება დამთავრდება, ჩვენი გაწევრიანება დადგეს ევროკავშირის დღის წესრიგში და განაცხადის შემდეგ წევრიც მალე გავხდეთ.

"მაგალითად ხორვატია 5-6 წელი მოუნდა გაწევრიანებას, სლოვენია - 2-3 წელი. ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ გაწევრიანებას. თუ ჩვენ გავხდებით ქვეყანა, რომელიც პროგრესს განიცდის, რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის, სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე საკანონმდებლო დაახლოება იქნება ევროკავშირთან, გაწევრიანებასაც მალე შევძლებთ," - დასძენს გოგოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×