„ბრექსიტის" ამოქმედების პარალელურად, შოტლანდიამ დამოუკიდებლობის საკითხზე მეორე რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას, „BBC"-ი ავრცელებს.
ახალი რეფერენდუმის ჩატარება სავარაუდოდ 2018 წლის შემოდგომიდან, 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში იგეგმება, როდესაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ზუსტი ვადები გაირკვევა.
უკვე ცნობილია ოფიციალური ლონდონის პოზიცია. ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიელების წინადადებაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს. „ბრექსიტის" ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე შოტლანდიას, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ესტუმრა. ტერეზა მეი, შოტლანდიის პირველ მინისტრს, ნიკოლა სტარჯონს შეხვდა.
ტერეზა მეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები იწყება და ახლა მეორე რეფერენდუმზე სასაუბროდ კარგი დრო არ არის.
2014 წელს შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის დროს, მოქალაქეთა უმრავლესობამ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, შოტლანდიაში მოსაზრებები შეიცვალა. გამოკითხვების თანახმად, საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც შოტლანდიის დამოუკიდებლობა სურს.
შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყვნენ, თუმცა, ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. საბოლოოდ ინგლისმა და უელსმა გაიმარჯვა, რომლებიც „ბრექსიტის" მომხრეები არიან.
„euronews"-ის ინფორმაციით, „ბექსიტის" პროცედურების დაწყებისთანავე, ნიკოლა სტარჯონი აცხადებდა, „თუ ბრიტანეთი გავა ევროკავშირიდან, შოტლანდია გავა ბრიტანეთიდან".