დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯონ პოდესტას რუსეთთან კავშირის გამოძიებას ითხოვს.
„რატომ არ ლაპარაკობენ დეზინფორმატორები პოდესტას კავშირზე რუსეთთან, ან ფულზე, რომელიც რუსეთმა კლინტონს კომპანია „ურანიუმის" გაყიდვასთან დაკავშირებით გადასცა? ტრამპის ისტორია რუსეთზე მოგონილია" , - წერს აშშ-ის პრეზიდენტი „Twitter" -ის საკუთარ გვერდზე.
დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების, რუსეთთან კავშირის შესახებ მორიგი განცხადება გაკეთდა მოსკოვშიც. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ტრამპის სიძესა და რუსული სახელწიფო ბანკის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა, რუტინული ბიზნესკომუნიკაცია იყო.
პარალელურად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ,ყოფილმა კანდიდატმა ახალი ადმინისტრაციის მუშაობა პირველად სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლისას შეაფასა.
უცხოური მედიის ცნობით, ჰილარი კლინტონმა კატასტროფული უწოდა „რესპუბლიკელთა" მიერ მომზადებულ სადაზღვევო გეგმას, რომლითაც ე.წ. ობამაქეარის ჩანაცვლებას აპირებდნენ.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, თეთრი სახლის წარმომადგენელი, შონ სპაისერიც გააკრიტიკა და ჟურნალისტებთან ურთიერთობის სტილი დაუწუნა.