საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ლაურა კუპერთან, საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრა.
ლევან იზორიამ პენტაგონის წარმომადგენელს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ერთობლივი, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების შესახებაც ისაუბრეს.
პენტაგონის წარმომადგენელმა აშშ-ის სახელით, ღრმა პატივისცემა გამოხატა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების მიმართ და ქართული კონტინგენტის თანამშრომლობა ამერიკელი სამხედროების გვერდით, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში განსაკუთრებით გამოყო.
„ერთობლივად ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონტექტსში საქართველოსთვის ინსტიტუციურ აღმშენებლობას ისახავს მიზნად", - განაცხადა ლაურა კუპერმა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ლაურა კუპერი საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად, სენაკში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალსაც დაესწრო.