ეკატერინე ბასილაია
30.03.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა და აფხაზურ "პარლამენტში" რიცხობრივი უპირატესობა რაულ ხაჯიმბას დაჯგუფებამ მოიპოვა, აფხაზებისთვის გავლენიანი, მძიმეწონიანი ფიგურებით კი ხაჯიმბას ანქვაბის დაჯგუფებამ აჯობა.

ქართველი ექსპერტების თქმით, ძალიან დაძაბული "პარლამენტი" იქნება, აფხაზური ოპოზიციის ბრძოლა ქუჩიდან ე.წ. პარლამენტში გადავა და ანქვაბის დაჯგუფების მძიმეწონიანებთან ხაჯიმბას ბევრი რამის დათმობა მოუწევს, მით უფრო, რომ მოსახლეობის სიმპათია უფრო ანქვაბის მხარესაა.

"ძალიან დაძაბული "პარლამენტი" იქნება, კონსტიტუციური უმრავლესობა არ გააჩნია ხაჯიმბას გუნდს და თან ხარისხობრივად მძიმეწონიან ოპოზიციონერებს შეუძლიათ, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ მას, თან ოპოზიციას მოსახლეობაში სერიოზული მხარდაჭერა აქვს," - ამბობს "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი, რომლის თქმითაც, ახლა საინტერესოა, ვინ გახდება ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან ოპოზიცია ასახელებს ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის-რაულ ხაჯიმბას მთავარი მოწინააღმდეგეა და მისი "თავმჯდომარეობა" ხაჯიმბას უკვე მეორე დიდ მარცხად ჩაითვლება, რადგანაც ამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ხაჯიმბას მთელი რესურსი მიმართული იყო იქითკენ, რომ ანქვაბი როგორმე დაემარცხებინა, ანქვაბმა კი გამარჯვება პირველსავე ტურში გაინაღდა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ექსმინისტრ პაატა დავითაიას თქმით, აფხაზებში მოლოდინია, რომ თუ ხაჯიმბამ რაღაცები არ დათმო, შესაძლოა, სიტუაცია ანქვაბის სასარგებლოდ ფეთქებადსაშიში გახდეს. პროგნოზები კი კეთდება, რომ როგორც გასული წლის დეკემბერში აქციების შემდეგ მოუწია ხაჯიმბას ოპოზიციისთვის გარკვეული თანამდებობები დაუთმო, ახლაც ასე მოხდება.

"საუბარია, რომ ე.წ. პარლამენტის სპიკერი ან ანქვაბი ან ანქვაბის რომელიმე მომხრე გახდეს. ამაზე აფხაზეთში აქტიურად საუბრობენ, გააჩნია, როგორ იმუშავებს მოსკოვი. მოსკოვი მხარს ანქვაბს არ უჭერს, მისი წინააღმდეგია, თუმცა საუბარია იმაზე, რომ თუ ანქვაბის დაჯგუფების რომელიმე წარმომადგენელი არ გავა "პარლამენტის თავმჯდომარედ", შესაძლოა, ანქვაბმა სიტუაციაც კი დაძაბოს. ამიტომ დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, გაიტანს თუ არა ანქვაბის დაჯგუფება თავისას," - აღნიშნავს დავითაია.

მისი თქმით, იმდენი ახალი სახე იყო ამ ე.წ. არჩევნებზე, თანაც კანდიდატების აბსოლუტური უმეტესობა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, ცნობილი პირების გარდა გამარჯვებულებში ვინ რომელ კლანს წარმოადგენს, ამის პირდაპირ თქმა რთულია.

"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციური სპექტრი ძალიან მკვეთრად მოქმედებს და ამის ნათელი მაგალითია პირველ ტურში ანქვაბის 100%-იანი გამარჯვება გუდაუთის რაიონში. საუბარი იმაზე, გამარჯვებულებიდან ვინ ვინ არის, ძნელია, იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები. რამდენიმე დღე უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, როგორ გადანაწილდება ე.წ. პარლამენტში ძალთა ბალანსი. ჩემი ინფორმაციით, ისე უნდა გადანაწილდეს, რომ სიტუაცია ანქვაბის სასარგებლოდ ფეთქებადსაშიში არ გახდეს," - ამბობს დავითაია.

მისივე თქმით, მარტო არჩევნებზე ვინ რამდენი კაცი გაიყვანა, ამაზე არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ ხაჯიმბა რთულ მდგომარეობაშია. აფხაზეთში ლამის ყველა მის წინააღმდეგაა, რუსების გარდა და ამიტომ ახლა საუბარი თამაშის წესებზე მიდის, საუბარია იმაზე, რა მოხდება "პარლამენტში".

"მაგალითად, წავა თუ არა "პარლამენტი" იმპიჩმენტზე, თუ ხაჯიმბა დათმობს რამეს, როგორც გასული წლის დეკემბერში ოპოზიციის დიდი პროტესტის შემდეგ მოუწია, ოპოზიციისთვის დაეთმო რაღაც თანამდებობები, ე.წ. გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის და ცესკოს ერთი წევრის პოსტები. ამგვარი პროცესები წავა ახლაც . თუმცა ჯერ ცხელი პროცესია და ზუსტად რა მოხდება, არავინ იცის," - თვლის დავითაია.

ცნობისთვის, აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების 35 მაჟორიტარულ ოლქში 139 კანდიდატი იბრძოდა. კანდიდატების 80% საინიციატივო ჯგუფების მიერ იყო წარდგენილი, პარტიებიდან კი მთავარი დაპირისპირების ხაზი ორ პოლიტიკურ დაჯგუფებაზე გადიოდა. ერთ მხარეს იდგა ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და პარტია "ამცახარა" და მეორე მხარეს - მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და "აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი".

მთელ ამ მარათონში აფხაზებისთვის ცნობილ ძველ სახეებთან ერთად ბევრი ახალი სახეც მონაწილეობდა. 13 მარტის პირველ ტურში 12 გამარჯვებული გამოვლინდა, საიდანაც 6 "მანდატი" მოიპოვა ანქვაბის დაჯგუფებამ, მათ შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა თავად ანქვაბმაც. ხაჯიმბას გუნდმა კი მხოლოდ 3 კაცის გაყვანა შეძლო და ეს პირადად ხაჯიმბას დიდ მარცხადაც შეფასდა. მეორე ტური 26 მარტს 22 ოლქში ჩატარდა და ხაჯიმბამ შეძლო, მეორე ტურში ოპოზიციაზე მეტი კანდიდატი გაეყვანა, თუმცა მათგან არც ერთი არ არის აფხაზებში დიდი ავტორიტეტის მქონე.

"აფხაზურ პარლამენტში" 3 ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურა ოპოზიციის რიგებშია, მათ შორისაა "ექსპრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი; ასევე ასლან ბჟანია, რომელიც ოპოზიციური ბლოკის თანათავმჯდომარეა, ის დეკემბერში იმ საპროტესტო აქციების ხელმძღვანელი იყო, სადაც ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდნენ. მაშინ ბჟანია სოჭში დროებით დააკავეს კიდეც, რამაც სოხუმში საპროტესტო აქცია უფრი გაამწვავა და ის მალევე გამოუშვეს; ასევე ხელახალი არჩევნები ტარდება გუდაუთის ერთ ოლქში, სადაც გამარჯვებას ყველა ე.წ. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უწინასწარმეტყველებს და ისიც ასევე საკმაოდ გავლენიანი ოპოზიციონერი ფიგურაა სოხუმში."

ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, მეორე ტურში ხაჯიმბამ მთელი რესურსების მობილიზაცია მოახდინა და მეტი ხალხი გაიყვანა, ვიდრე ანქვაბმა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ხაჯიმბას მეტი "დეპუტატი" ჰყავს, ხარისხობრივად, ანუ გავლენის მხრივ ანქვაბის დაჯგუფება უფრო სოლიდურადაა წარმოდგენილი.

ირაკლი ცქიტიშვილი: "ხაჯიმბას მომხრეთა გუნდს "პარლამენტში" აქვს 20-მდე ადგილი, ანქვაბს აქვს 9-10 ადგილი, დანარჩენები არიან ნეიტრალურები. ხაჯიმბას გუნდმა რიცხოვნობით მოიგო, ოპოზიციას კი ხარისხობრივი უპირატესობა აქვს იმით, რომ იქ არის მძიმეწონიანი ფიგურა ალექსანდრე ანქვაბი, ასევე ხელახალ არჩევნებში მოიგებს ლაკერბაია, მეორე ტურში მოიგო ასლან ბჟანიამაც, რომელიც ოპოზიციის მთავარი ლიდერია დღეს. ასევე საინტერესოა ე.წ. ნეიტრალური ფიგურები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა თამაში წავა შიგნით და რომელი გუნდი ეცდება მათ გადაბირებას."

ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში ოპოზიციასა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის დიდი დაპირისპირება ქუჩის ნაცვლად უკვე ე.წ. პარლამენტში იქნება.

"ხაჯიმბას მიმართ ლამის ყოველდღე ისმის უკმაყოფილების შემოძახილები საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ხაჯიმბასაც ჰყავს ირგვლივ მობილიზებული გამძღარი კლანების ლიდერები, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ექცესებისაგან, რევოლუციური სცენარებისგან აკავებენ. ახლა კი დაპირისპირება ქუჩიდან ე.წ. პარლამენტში გადადის. ძალიან დაძაბული "პარლამენტი" იქნება, კონსტიტუციური უმრავლესობა არ გააჩნია ხაჯიმბას გუნდს და თან ხარისხობრივად მძიმეწონიან ოპოზიციონერებს შეუძლიათ, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ ხაჯიმბას, თან ოპოზიციას მოსახლეობაში სერიოზული მხარდაჭერა აქვს.

"ახლა საინტერესოა, ვინ გახდება ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც წავიკითხე, თავად აფხაზები ორ კანდიდატურას გამოყოფენ, ესენია: ბატალ ტაბაღუა, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელი იყო, ასევე ასახელებენ ალექსანდრე ანქვაბს. პირადად მე გამოვრიცხავ, ანქვაბს დაუჭირონ მხარი, რადგან ის ოპოზიციის ლიდერია და ხაჯიმბა მის პირად მოწინააღმდეგეს არ დაუთმობს "პარლამენტის სპიკერის" თანამდებობას," - დასძენს ცქიტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×