ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს 30 მარტს ახალი სამართლებრივი სტატუსი მიანიჭეს. აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის" ახალი სტატუსის მინიჭების საკითხი.
"ბინადრობის მოწმობა ის დოკუმენტია, რომელიც გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე მათი უფლებების განსაზღვრისთვის და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად, კანონიერად ცხოვრებისთვის, ასევე, თავისუფალი გადაადგილების და საზღვრის კვეთისთვის," - განაცხადა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა ცაავამ.
აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრ ასლან კობახიას განცხადებით, ბინადრობის მოწმობა, რომელიც უნდა გაიცეს გალის რაიონის მოსახლეობაზე, ისეთივე პასპორტია, როგორიც აფხაზური პასპორტი და ამ დოკუმენტით ისინი საშუალებას აძლევენ ადამიანებს, გაერკვიონ საკუთარ სამართლებრივ სტატუსში.
"ბინადრობის მოწმობა - ესაა პასპორტი აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, გაცემის წესიც ისეთივეა, როგორც პასპორტის შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილი იქნება სტატუსის საკითხი: მოქალაქეა თუ არამოქალაქე. რამდენიმე თვეში რესპუბლიკაში არ დარჩება უპასპორტო ადამიანი. გალის რაიონის მოსახლეობისთვის ამ დოკუმენტის გაცემით ჩვენ მივცემთ საშუალებას ადამიანებს, დამშვიდდნენ და გაერკვიონ საკუთარ სამართლებრივ სტატუსში."
2011 წლის აღწერის მიხედვით, გალის რაიონში 98% ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს.
გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გამოცემა "აფსნიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გალი აფხაზეთში ყველაზე მოვლილი დასახლებული პუნქტია.
"გალის რაიონული ცენტრი აფხაზეთში ყველაზე მოვლილი დასახლებული პუნქტია. ირგვლივ სისუფთავეა, პარკები და გაზონები მოვლილია, გზები ასფალტირებული, ყველა სოფელში დგას ტრანსფორმატორები, გაყვანილია ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.
"სოფელ ოტობაიას ანგარიშზე დღეს ნახევარი მილიონი რუბლი ირიცხება, შეიძლება ახლა ამდენი ფული ხაზინაშიც არ იყოს, ეს კი მოსახლეობის დამსახურებაა, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობს და იხდის გადასახადებს," - აცხადებს თემურ ნადარაია.
2014 წელს აფხაზეთში შეიქმნა ე.წ. საპარლამენტო კომისია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პასპორტიზაციით იყო დაკავებული. მან დაასკვნა, რომ 2009 წელს მოსახლეობის პასპორტიზაციის მიზნით შექმნილი საგანგებო კომისიები კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებდნენ და პასპორტები "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის" დარღვევით გაიცემოდა.
ამ "კანონის" მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეორე პასპორტი რუსულია, გალის მოსახლეობას კი საქართველოს მოქალაქეობა აქვს, რაც აფხაზურ "კანონს" ეწინააღმდეგება.
გალელებისთვის პასპორტების გაცემა 2014 წელს ოპოზიციის უკმაყოფილების და ალექსანდრე ანქვაბის "საპრეზიდენტო" ვადამდე გადაყენების საფუძველი გახდა.
ალექსანდრე ანქვაბის გადაყენების მერე რაიონული კომისიების მიერ გაცემული მოქალაქეობა გალის ყველა მცხოვრებს გაუუქმდა და მათ მიერ გაცემული დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელ ბლანკად გადაიქცა, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ ხელფასის ან პენსიის აღება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემაა შესაძლებელი.
გალელებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი 2017 წლის "საპარლამენტო არჩევნების" ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა, "დეპუტატობის კანდიდატების" უმეტესობა მხარს უჭერდა გალელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, თუმცა "არჩევნებში" გამარჯვებული კახა პერტაია "ხელისუფლების" აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ მოქალაქეობაჩამორთმეულ გალელებს მხოლოდ ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი საბუთები უნდა დაურიგდეთ.
ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობისთვის ახალი სტატუსის მინიჭებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა.
"მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი. ამისთვის ჩვენ ვახდენთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მობილიზებას და ამის დასტურია ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ. რეზოლუციაში საბჭო და საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იქნეს დაშვებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შესწავლილი იქნეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მოხდეს თითოეული მცხოვრებლს უფლებების დაცვა, განსაკუთრებით შეიზღუდოს ის ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც დღეს ხორციელდება," - განაცხადა ჯანელიძემ.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს წარმომადგენელი გულიადა ჭკადუა "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სტატუსი, რომელიც გალის მოსახლეობას მიენიჭა, დისკრიმინაციულია.
"ეს სტატუსი შეიძლება იყოს გადაადგილებისთვის აუცილებელი, მაგრამ არის აშკარად დისკრიმინაციული. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ ხარ ეთნიკურად ქართველი, ე.ი. ხარ მესამეხარისხოვანი პიროვნება. ოკუპირებული გალის ქართველი მოსახლეობა იძულებულია, დაეთანხმოს ამ დისკრიმინაციას, ვინაიდან სჭირდება დოკუმენტი, რომელიც გადაადგილების და საზღვრის კვეთის საშუალებას მისცემს.
"გალელები არიან გმირები. როცა დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ ვინ იყო საქართველოს მოქალაქე, მოსახლეობის 98%-მა აფხაზებს საკუთარი პასპორტები წარუდგინა და განაცხადეს, რომ ისინი არიან და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, სწორედ ამის გამო ჩამოართვეს მათ უფლებები და გაუუქმეს "აფხაზური მოქალაქეობა."
"მთელი კვირა": რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს სტატუსი?
გულიადა ჭკადუა: ერთ-ერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, რომელიც გალის რაიონიდან იყრიდა კენჭს, მოსახლეობასთან შეხვედრაზე თქვა, რომ ბინადრობის ახალი მოწმობები, რომლებიც გალელებზე უნდა გაიცეს, არის საფრთხის შემცველი და შეიძლება ამ სტატუსის მქონე ადამიანები ძალიან მარტივად დაექვემდებარონ ქვეყნიდან გაძევების პროცედურას. ეს მოხდება ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც კი.
გალელები ისჯებიან იმისთვის, რომ ისინი უარს არ ამბობენ საქართველოს მოქალაქეობაზე, აფხაზეთის "ხელისუფლებას" ეშინია მათი, წარმოიდგინეთ 46.000 კომპაქტურად ჩასახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეუძლია, მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას და მოითხოვოს საკუთარი უფლებების განმტკიცება და სტატუსის განსაზღვრა.
"მ.კ": ბინადრობის მოწმობა გალელების საკუთრებას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის?
გ.ჭ: დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მართალი გითხრათ, ჯერ არ ჩანს, რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას, თუმცა ვიცი, რომ გალელებს ეკრძალებათ ახალი ქონების შეძენა ან ქონების გაყიდვა. მხოლოდ იმ ქონებაზე აქვთ უფლება, რომელსაც აქამდე ფლობდნენ.
ბინადრობის დოკუმენტის გაცემა უკვე დაწყებულია, მოსახლეობას კი არ აქვს ინფორმაცია, რაზე აწერს ხელს და რას იღებს. დარწმუნებული ვარ, სასიკეთო ნამდვილად არ იქნება.