პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს მეორე მოსმენით განიხილავენ. დღეს მართვის მოწმობაზე „100-ქულიანი" სისტემის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. ცვლილებების თანახმად, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან, დარღვევისთვის გათვალისწინებული ქულის გამოკლებას გამოიწვევს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, 100 ქულის ამოწურვის შემდეგ, მძღოლებს გამოცდის ჩაბარება თავიდან მოუწევთ.
„ყველა დარღვევა არ ითვალისწინებს ქულების ჩამოკლებას, კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება ნასვამ და ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში. ქულების დაკლება არ შეეხება სადგომზე არასწორ პარკირებას" , - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. უწყების ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულირება და 100-ქულიანი სისტემა წლის ბოლომდე ამოქმედდება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი განმარტავს, ქულების ჩამოკლება მოხდება საპატრულო პოლიციის და არა უკონტაქტო პატრულის ჯარიმის საფუძველზე.