რეზონანსი
03.04.2017

 დღეიდან თბილისის ქუჩებში, 20 ქვეითი ინსპექტორი ივლის, რომლებიც მოქალაქეებს ქუჩაში ნაგვის დაყრის შემთხვევაში გააფრთხილებენ და სანქციების შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. 2 კვირის შემდეგ კი კანონდამრღვევები დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას, „თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ინსპექტორები სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით იმოძრავებენ და საწყის ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ უბნებს გააკონტროლებენ.ისინი ფაქტებს ვიდეო და ფოტო კამერებით დააფიქსირებენ. ქვეითი ინსპექტირების ინიციატორი, დედაქალაქის მერიაა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან კი 100 ლარით ისჯება. 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით,ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით ისჯება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში, ფულადი ჯარიმა, 50 ლარი იქნება.

მოქალაქეები ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანებისთვის - 150 ლარით, ხოლო ხუთი ან ხუთზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, 500 ლარით დაისჯებიან.

„თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები, დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილად ივლიან. ისინი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის, აპრილის ბოლოდან დააჯარიმებენ.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×