მოსკოვში მორიგი ანტისამთავრობო აქცია, კვლავ დაკავებებით დასრულდა. კორუფციის წინააღმდეგ არასანქცირებული მიტინგის გამართვა დემონსტრანტებმა, ტრიუმფალური მოედნის მახლობლად სცადეს.თუმცა, მათ სამართალდამცველებმა გზა გადაუკეტეს. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, 31 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული გამოცემა „tass.ru" ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქციაზე მოწოდებები არ გაისმოდა, მხოლოდ ერთ მონაწილეს ეკავა ტრანსპარანტი, მაგრამ ის მანამდე დააკავეს, ვიდრე ტრანსპარანტს გახსნიდა. დაკავებულებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
მსგავსი აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, გასულ კვირასაც გაიმართა. აქციები 82 ქალაქში ჩატარდა და მათში მთლიანად 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
კორუფციული ბრალდების გამო, ოპოზიციის აქტივისტები პრემიერ დიმიტრი მედვედევის გადადგომას ითხოვდნენ. მაშინ სამართალდამცველებმა მხოლოდ მოსკოვში, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. არასანქცირებული აქციის ორგანიზატორი, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი იყო.
საპროტესტო გამოსვლები, ნავალნის ორგანიზაციის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვითაც, დიმიტრი მედვედევს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება კორუფციული გზებით აქვს მოპოვებული.