ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყებაში აცხადებენ,რომ სამართალდამრღვევებზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას მინისტრთან ერთად ქორ-ეპისკოპოსმა თეოდორემაც მიმართა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ რეალიზაციის მიზნით ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ.
საჯარიმო სანქციების ოდენობა, 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს,სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ბზის მოპოვება მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან არის შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის გამო, საქართველოს „წითელ ნუსხაშია" შეყვანილი.
ბოლო წლების განმავლობაში, ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს.