"თუმცა თუ კურსი რაღაც მომენტში 2,37-ის ნიშნულს ჩამოსცდა, მერე 2,30-მდე თავისუფლად გამყარდება"
ნათია ლომიძე
04.04.2017

 ლარმა ყველაზე რთული პერიოდი გადალახა. უკან არის მოტოვებული ზამთრის თვეები და გამორჩეულად აქტიური მარტი. ახლა მთავარი ამოცანა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და სამომავლო პერსპექტივაა. როგორი იქნება ლარის კურსი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში? ფინანსისტებმა "ბიზნეს-რეზონანსთან" ისაუბრეს, თუ რამდენად შეინარჩუნებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარი სიმყარეს.

სპეციალისტები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საგარეო ფაქტორებსაც უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვების მიერ დაანონსებული საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მორიგ ცვლილებას გამოიწვევს. გამორიცხული არ არის, ივნისიდან ლარის გაუფასურებაც კი დაიწყოს. ფინანსისტებს და სავალუტო ბირჟის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ზედა ზღვარი 2.50-ია, ხოლო ქვედა ზღვარი 2,38-2,40-ის ფარგლებში. უფრო მეტად გამყარება მოსალოდნელი არ არის.

წლევანდელის ანალოგიურად შარშანაც ლარმა გამყარება 2016 წლის მარტის დასაწყისიდან დაიწყო და ეს პროცესი 20 მარტამდე გაგრძელდა. შემდეგ კი ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღის განმავლობაში (31 მარტამდე) უფასურდებოდა, თუმცა 31 მარტიდან მოყოლებული, გამყარების ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც მაისის ჩათვლით გაგრძელდა. იმ პერიოდში ლარი 22 პუნქტით გამყარდა. დაახლოებით იგივე ტენდენციაა წელსაც, ოღონდ გამყარების მასშტაბები შედარებით მოკრძალებულია. წელს მთელი მარტის განმავლობაში ლარმა მხოლოდ 8-9 პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია.

ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზები განიხილა "ბიზნეს-რეზონანსთან" ფინანსისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ შარშანდელი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება წლევანდელი მოვლენებისგან. მისი აზრით, წელს კურსის სტაბილურობაზე დადებითად იმოქმედა ლარიზაციის პროგრამამ.

"შარშან სხვაგვარი ეკონომიკური გარემო იყო, ვიდრე წელს. ამიტომ პირდაპირი შედარება არასწორი იქნებოდა. მაკროეკონომიკური პარამეტრები განსხვავებული იყო. ახლა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე დადებითად იმოქმედა ლარიზაციის პროგრამამ, უკვე იგრძნობა, რომ გაიზარდა მოთხოვნა ლარზე, რადგან ყველა აქტივი და ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს. ბანკებს აქვთ დირექტივა, რომ სესხები გაიცეს ლარში, რაც კურსის გამყარების წინაპირობაა. მიმაჩნია, რომ ლარის ზედმეტად არც გამყარება იქნება კარგი და არც გაუფასურება, მან უნდა იტრიალოს ვიწრო დიაპაზონში, რომ ფულმა იმოძრაოს", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ლარის კიდევ უფრო გამყარებას, მით უმეტეს 2.30-იან ნიშნულზე ჩამოსვლას, არ ელოდება

"კურსის პროგოზირება ძალიან რთულია. იმისათვის, რომ ლარმა მიაღწიოს 2.30-იან ნიშნულს, ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, ანუ უნდა გაყიდოს დოლარი. რასაკვირველია, სებ-ი ამას არ იზამს, რადგან ეს იქნება მისი მხრიდან სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების უხეში დარღვევა.

 რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი 2.30-იანი ნიშნული. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს-მთავარი ის კი არ არის, რა ნიშნულზე გაჩერდება სავალუტო კურსი, მთავარია, ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. ეროვნული ბანკის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ ვალუტა ვიწრო დიაპაზონში მერყეობდეს. კურსის მკვეთრი ცვლილება (გამყარება იქნება თუ გაუფასურება) არის ნეგატიური ნიშანი უცხოური პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის. ეს მიანიშნებს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაზე", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა.

იგი ვითარებას ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარის ბედი მთლიანად სამთავრობო გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება სავალუტო ნიშნულს, მაქსიმალური ზედა ზღვარი ლარის კურსისა შეიძლება იყოს 2.50, ხოლო ქვედა ზღვარი - 2.40.

"ვფიქრობ, მოკლევადიან პერიოდში ლარის დღევანდელი მდგომარეობა შენარჩუნდება. არ არის მოსალოდნელი მკვეთრი ცვლილებები. გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თუ შეიქმნება საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის წინაპირობა, ეს, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენა იქნება. ამ შემთხვევაში ლარის გამყარებაც დაიწყება. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ რთულია, ვივარაუდოთ, რა მოხდება სამომავლოდ. ვფიქრობ, ლარის მაქსიმალური ზედა ზღვარი შეიძლება იყოს 2.50, ხოლო ქვედა ნიშნული - 2.40. შეიძლება გარკვეულ დღეებში 2.38-მდე იმოძრაოს კურსმა", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა.

რამდენად მოქმედებს საგარეო ფაქტები ლარის კურსზე, ამ საკითხზე ფინანსისტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თუკი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპროცენტო განაკვეთი კიდევ გაზარდა, ლარის გაუფასურების ტალღა ქვეყანას ივნისში კიდევ ერთხელ გადაუვლის.

"აშშ საპროცენტო განაკვეთს ალბათ კიდევ გაზრდის. ისინი მომდევნო კვირაში დააკვირდებიან მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას. თუკი დარწმუნდებიან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაში, მაშინ მორიგი აწევის მომსწრე ივნისში უნდა გავხდეთ. ამჟამად ალბათობა იმისა, გაიზრდება განაკვეთი - 50%-ია.

ასეთმა განცხადებებმა წინა ხუთშაბათის ვაჭრობაზე უკვე გამოიწვია მოძრაობა საფინანსო ბაზრებზე, რაც დასტურდება იმით, რომ დოლარის ინდექსი 100-დონიანი ნიშნულის მაღლა შენარჩუნდა და, შესაბამისად, სხვა წამყვანი ქვეყნების ვალუტების მიმართ დოლარის ცოტათი გამყარებაც შეინიშნებოდა", - აღნიშნა შენგელიამ.

მან საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი აშშ-ში გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ლარი 2.40-იან ნიშნულს ჩამოსცდება, კურსი დარჩება იმ დონეზე, რაც დღესაა.

"რაც შეეხება ქართულ ვალუტა ლარს, საბანკო მონოპოლიის ხელში ძნელი სათქმელია, საშუალოვადიან პერიოდში რა პოზიციებზე იქნება იგი, ვგულისხმობ აპრილიდან ივნისის ბოლომდე პერიოდს. 2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის მაისის ბოლომდე ლარი მკვეთრად გამყარდა - 2.50-დან 2.14-მდე. წელსაც რომ ასეთი სცენარი განვითარდება, ამის რეალური ფუნდამენტური საფუძველი არ ჩანს.

ერთი, რისი თქმაც ამ მომენტში შეიძლება, ისაა, რომ თუკი კურსი 2.37-იან ნიშნულს ჩამოსცდება, შემდგომ მის 2.30-მდე გამყარებას ხელს აღარაფერი შეუშლის. ჩვენი აზრით, ამ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით, საშუალოდ, 2.36-2.49-ის საზღვრებში იმერყევებს, ცდომილებით 0.3%.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი აშშ-ში აიწია საპროცენტო განაკვეთმა, კურსი დარჩება 2.40-ზე. რასაკვირველია, საგარეო ფაქტორები იმოქმედებს ქართულ ვალუტაზე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×