ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. არხის ყოფილმა თანამფლობელებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი დაიბრუნეს, რის გამოც ახალი ამბების ნაცვლად საიტზე დამფუძნებლების მიერ პროკურატურაში შეტანილი საქმის მასალები დაიდება. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, თავის დროზე "სააკაშვილს სიჩქარის გამო დაავიწყდა" მათთვის საიტის წართმევა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტრი ნიკა გვარამია მათ პასუხად მომხარებელს ახალ საიტს სთავაზობს. ამბობს, რომ დვალსა და აქიმიძეს სერიოზულად არ აღიქვამს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ვებგვერდს - კგთეფმშ/ყსწქ-ს - 2 აპრილის დაახლოებით 21 საათიდან დვალი და აქიმიძე აკონტროლებენ. ამ დროიდან ვებგვერდზე გაჩნდა წარწერა: "მოგესალმებით დამფუძნებლების ოფიციალურ ვებგვერდზე." ხოლო "რუსთავი 2"-ის ვებგვერდი ხელმისავწდომია კგთეფმშ/ყპუ-ზე.
ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებით, საიტი დაარსების დღიდან მათი საკუთრებაა. ამბობენ, რომ 13 წლის განმავლობაში დომენით სარგებლობის თანხას სწორედ ისინი ფარავდნენ.
"ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" იძულებით დაგვათმობინა კუთვნილი 60% "რუსთავი 2"-ში, სიჩქარეში არც კი გახსენებიათ, რომ საიტი ცალკე საკუთრება იყო და ისე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტრესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან, თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.
"დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით, ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს "რუსთავი 2"-ის საქმეზე," - აღნიშნა აქიმიძემ.
მისივე თქმით, ვებგვერდზე პროკურატურაში მათ მიერ შეტანილი საქმის მასალები დაიდება.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საიტი გამოვიყენოთ ისევ ამ საქმისთვის. ძალიან ბევრი ის მასალა, რომელიც პროკურატურაში არსებობს, დაიდება ამ საიტზე, იქ იქნება ძალიან ბევრი საინტერესო, ძალიან ბევრი უცნობი მასალა. შესაბამისად, თუ პროკურატურა თვითონ არ აპირებს ამ მასალის გამომზეურებას და დასკვნის გაკეთებას, ჩვენ ვიქნებით იძულებული, ის, რაც ჩვენ ხელთ არის, სულ ყველაფერი დავდოთ ჩვენს საიტზე, რათა საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელი გახდეს," - განაცხადა აქიმიძემ.
დავით დვალი კი ამბობს, რომ მათ სჭირდებათ რესურსი, რათა მათ წინააღმდეგ "რუსთავი 2"-ის პროპაგანდა დააბალანსონ.
"ასე აღარ იქნება, რომ ჩვენმა საიტმა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, იმუშაოს ჩვენ წინააღმდეგ, თან უფასოდ, ჩემს ხარჯზე," - განაცხადა დვალმა.
მისი განმარტებით, პროცესები არ დამთავრდება, სანამ ის დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება.
"ყველა თამაშობს ერთმანეთთან, რომ სარფიანი გამოსავალი იპოვონ. საერთოდ არ მაინტერესებს კულუარული თამაშები. "რუსთავი 2" წაგვართვეს ჩვენ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრასბურგამდე ჩვენ ვერ მივალთ, ძალიან ცდებით, ყველანაირი გზა გვაქვს მანდაც. ოღონდ არ გამოვა არანაირი გარიგებით. ხელისუფლების ჩართვით, მათ გარეშე, ამ ორ ჯგუფს შორის, რომელიც რაღაც ძალაუფლების გადანაწილებას ცდილობს და ა.შ.
"არაფერი გამოვა. არ დამთავრდება ეს საკითხი, სანამ არ დაბრუნდება იქ, საიდანაც წაიღეს. მამაო ჩვენოსავით ვიმეორებთ, წაიღეს ჩვენგან, დამფუძნებლებისგან, ვინც შექმნა, გააკეთა და ნომერ პირველად აქცია," - განაცხადა დვალმა.
"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დვალი ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ მოვლენებში ხელისუფლების ჩართულობასაც ხედავს. მისი განმარტებით, ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში არც წაგება აწყობს და არც მოგება. ტელეკომპანიაში კი სიტუაცია არასასურველი მიმართულებით მიდის.
"როგორც ჩვენ ვხედავთ, სიტუაცია, ცოტა არ იყოს, არ მიდის სასურველი მიმართულებით. ერთია, რომ სამართლებრივი პროცესი არის ჩიხში შესულივით, სტრასბურგის სასამართლოს ვგულისხმობ. სტრასბურგი ჩვენთვის ჩიხია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ, როგორც მხარე, ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 4 წლის წინ პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება და დღესაც ასე ვართ ჰაერში გამოკიდებულები. არ გაგვაჩნია სამართლებრივი მექანიზმი და ბერკეტი ამ პროცესში მონაწილეობისა.
"მეორე არის ის არაჯანსაღი პროცესი, რომელიც რაღაც კულუარულ გარიგებებს ეხება. ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ დავაანონსეთ, რომ რაღაც ისეთი არ ხდება ამ ტელევიზიის გარშემო. აქტიურად გამოვიყენებთ საიტს იმისთვის, რომ ყველა ის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის", - განაცხადა დვალმა.
მათ პასუხად კი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის მაყურებელს საიტის ახალი მისამართი შესთავაზა. მისივე თქმით, აქიმიძეს და დვალს სერიოზულად არ აღიქვამს.
"ამ ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება ისაა, რომ გადავედით ახალ მისამართზე. ეს ცალსახად ჩვენ გვეკუთვნის, ავტორიზებულიც არის. აქამდე გადასვლაზე თავს ვიკავებდით იმიტომ, რომ საიტის მისამართის გამოცვლა ზოგადად არ არის მიზანშეწონილი. მაგრამ რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს, გავაკეთეთ.
"დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს არა მარტო მე, საზოგადოებაც აღარ აღიქვამს სერიოზულად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნიკა გვარამია.
რაც შეეხება სტრასბურგს, ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოდან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ, შესაბამისად, საჩავარსაც ჯერჯერობით ვერ აგზავნიან.
"ველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უზენაეს სასამართლოს ჯერჯერობით არ მოუცია. ჩვენ მივმართეთ სტრასბურგს, ავუხსენით სიტუაცია და მოგვცეს უფლება, 2 მაისამდე წარვადგინოთ სარჩელი", - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, არხზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც თანამშრომლების ნაწილს სამსახურის დატოვება მოუწევს.
რაც შეეხება თანამდებობიდან მის წასვლას, გვარამია ამბობს, რომ დასაქმების პრობლემა არ აქვს და ძმებ ყარამანიშვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.
"თუ გადაწყდება, რომ არ უნდა ვიყო "რუსთავი 2"-ის დირექტორი, დასაქმების პრობლემა არ მაქვს", - აცხადებს ნიკა გვარამია.