ბრალდებულები პროკურატურას საკუთარი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობენ. დაცვის მხარის განმარტებით, 41 ობიექტს ყადაღა უკვე მოეხსნა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ძალაში პირველ მაისს შევა.
„ჩვენ გვყავს ორი ძალიან სერიოზული ინვესტორი. გვინდა, რომ მოგვეცეს საშუალება, შემოვიყვანოთ ეს ინვესტორები ობიექტებზე. ერთ ინვესტორს გარკვეული მიწის ნაკვეთის შესყიდვა უნდა, რის საფასურადაც საკმაოდ სერიოზულ თანხას იხდის, რომელიც ძალიან ბევრი ობიექტის დასრულებას შეძლებს" , - განაცხადა რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის" სააქმის, ე.წ ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე, სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, რომელზეც დაცვის მხარეს მოწმეები უნდა დაეკითხა. თუმცა, სასამართლოში გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი არ გამოცხადდა, რის გამოც სხდომა გადაიდო. ამ ეპიზოდში ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს, ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 12 აპრილს ეწურება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მათ ბრალი თაღლითობასა და თანხების მითვისებაში ედებათ. საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი, 31 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ.