„ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს. მოვაჭრეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი 5 000 ლარამდე კომპენსაციას და შემდეგ ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვენ. აქცია დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან.
აქციაზე იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილიც. მისი განცხადებით, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვაჭრეები კარავს დადგამენ.
„ზეგ უკვე გაიმართება აქცია „შუშის სასახლესთან" და თუ ამ კვირაში კიდევ არ დაიწყება ზარალის ანაზღაურება, აქციებზე კვირიკაშვილის გადადგომას მოვითხოვთ" , - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე, „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვეს და კიდევ ერთი შეხვედრა თვის ბოლოს დაუნიშნეს. ამის შესახებ, ადვოკატმა მარიამ არევაძემ განაცხადა. მისი თქმით, თვის ბოლოს გაირკვევა, გაუწევს თუ არა დახმარებას ევროკავშირი დაზარალებულ მოვაჭრეებს.
24 მარტს, თბილისის საკრებულომ „ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, 3 000 ლარი შესთავაზა. მოვაჭრეებმა ამ თანხაზე უარი თქვეს. ისინი საწყის ეტაპზე 5000 ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. მეწარმეების პროდუქცია ფაქტობრივად სრულად განადგურდა. მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს.