საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპოლის დირექტორმა, ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამ შეთანხმებით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები ევროპოლთან გაცვალოს.
მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, და ისლანდია.ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.
ხელშეკრულების დადების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმებით საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება.
„ჩვენი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან სრულიად ახალ საფეხურზე გადადის. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებასა და მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან! ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვით სფეროში!" , - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.