კამპანია „იარე ფეხით" ქვეითთა უფლებების დაცვას ითხოვს და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტის ცვლილებებს აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეითებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და პრობლემური დარღვევა - ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება კვლავ უყურადღებოდ რჩება.
„განხილვამდე არსებული რედაქციით ამ დარღვევაზე გათვალისწინებული იყო 5 საჯარიმო ქულა. თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით, პარკირების წესის დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ მოაკლდება" - ნათქვამია განცახდებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფასადური ცვლილებებია, რომლებიც მდგომარეობას არა მოქალაქეების, არამედ კერძო ინტერესების სასარგებლოდ ცვლის, პარკირების გაუქმება კი ცარიელ დაპირებად რჩება.
მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე,იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენით გუშინ იმსჯელეს. წინასწარი შეთანხმებით, პარკირების დარღვევაზე მძღოლებს ქულები აღარ ჩამოაკლდებათ.