ოპოზიციური პარტიები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთად გამოსვლას გეგმავენ და "ოცნებასთან" ამ ბრძოლაში თანამოაზრეები ხდებიან თვით უკიდურესად დაპირისპირებული ძალებიც - "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსი" და ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა".
დაპირისპირების საგანი საკონსტიტუციო კომისიაში მისაღები დებულებებია. ოპოზიციის განცხადებით, თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის წინადადებებს არ გაითვალისწინებს, რაც ძირითადად პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების არა პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის, არამედ ყველა ბარიერგადალახულისთვის თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს, ოპოზიცია კომისიას ბოიკოტს გამოუცხადებს.
"ქართული ოცნება" კი მათ პასუხობს, რომ "ოპონენტებს არაფერი გამოუვათ".
"რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ ოპოზიციის არგუმენტებს "მოისმენენ", თუმცა მაინც საკუთარ წინადადებას გაიტანენ.
ის ოპონენტებს იმასაც ახსენებს, რომ "ოცნებამ" უკვე დათმო მაჟორიტარული სისტემა და ახლა ყველა მათი მოთხოვნის გაზიარება აღარ მოხდება.
"ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ სწორია," - აცხადებს კახიანი.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ფინიშს უახლოვდება, შეცვლილი კონსტიტუციის პროექტი აპრილის ბოლოს უნდა დაიდოს და ამიტომაც კომისიის შიგნით უთანხმოება პიკს უახლოვდება. ოპოზიცია "ოცნების" მიერ შეთავაზებულ რიგ ცვლილებებს მიუღებლად მიიჩნევს.
ამიტომაც, 15 პარტიისგან შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ კი უკვე ჩამოწერა ის რეკომენდაციები, რის გათვალისწინებასაც "ოცნებისგან" ითხოვენ და რამდენიმე დღის წინ ის წერილობით "ოცნებასაც" გადაუგზავნა, საელჩოებსაც, ვენეციის კომისიასაც და არასამთავრობოებსაც.
რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა; მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და არჩევნების ერთიანი პროპორციული სისტემით ჩატარება; გადაუნაწილებელი მანდატების არა პირველ ადგილზე გასული ძალისთვის, არამედ ყველა ბარიერგადალახული ძალისთვის თანაბრად გადანაწილება; საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირება; საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება, - 15 პარტიისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას ამ წინადადებებზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადას 15 აპრილამდე აძლევს. რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობისა და ოპტიმალურ ვერსიაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრი კვალიფიციური სუბიექტები კომისიას პროტესტის ნიშნად დატოვებენ.
"ხელისუფლებამ გამოაცხადა, იმიტომ ვქმნი საკონსტიტუციო კომისიას, რომ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით გვინდა საკითხების გადაწყვეტაო. ამდენად, ჩვენც ვთავაზობთ ჩვენს წინადადებებს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელი "დემოკრატიული მოძრაობიდან" გიორგი ახვლედიანი.
მისი თქმით, თუ მათი ყველა მოთხოვნა იგნორირებული იქნება, მაშინ გამოაცხადებენ ბოიკოტს.
"ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სასურველი ინიციატივების განხორციელების "გამპრავებლები" ვერ ვიქნებით," - აღნიშნავს ახვლედიანი.
გუშინ საკოორდინაციო საბჭომ ეს რეკომენდაციები გააცნო არასამთავრობოებსა და ექსპერტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნებს სრულად ეთანხმება.
შეხვედრაზე არ ყოფილან "ნაციონალები" და "ევროპული საქართველოს" წევრები, თუმცა ბოიკოტს ისინიც არ გამორიცხავენ.
"რეზონანსთან" საუბარში "ევროპული საქართველოს" წევრი მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ ბოიკოტზე მათი პარტიაც ფიქრობს, რადგან მანდატებს გადანაწილების წესი და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მიუღებელია ყველასთვის "ოცნების" გარდა, ამიტომაც უახლოეს დღეებში, "ხვალ ან ზეგ" პარტია შესაბამის პოზიციას საჯაროდ გაახმოვანებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა "თუ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობამ ბუტაფორიის ფორმა მიიღო", არ გამორიცხავს, რომ "საბოლოო ჯამში ხელისუფლება თავის მარიონეტებთან ერთად დარჩეს მარტო".
გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ 15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ინიციატივას უერთდება საპარლამენტო ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსი" და იმედი აქვს, რომ თუკი ხელისუფლება მათ წინადადებებს არ გაითვალისწინებს, ბოიკოტს შეუერთდება არასამთავრობო სექტორიც.
"ხელისუფლება გვთავაზობს ისეთ ვარიანტს, რომელიც მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებზეა მორგებული და ეს უსამართლოა. "ოცნებამ" ხომ განაცხადა, კონსტიტუციური ცვლილებები ერთად შევიმუშაოთ და ამ მთავარ დოკუმენტს მაღალი ლეგიტიმაცია მივანიჭოთო?! ამიტომ ჩვენ ვეუბნებით, თუ მზად ხართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენც მზად ვართ, დავსხდეთ 15 აპრილის შემდეგ და დავილაპარაკოთ. ხოლო თუ ხელისუფლება დარჩა ისევ ძველ პოზიციაზე, რომ მხოლოდ მათი ხისტი მიდგომები უნდა გავიდეს, ჩვენ დავინახავთ, რომ ხელისუფლებას კონსენსუსის ინტერესი არ აქვს და გამოვაცხადებთ ბოიკოტს. იმედი მაქვს, რომ ამ ბოიკოტში ჩვენ მარტო არ ვიქნებით. დაახლოებით 2 კვირის წინ არასამთავრობოებმა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ, განაცხადეს, ჩვენთვისაც მიუღებელი იქნება კომისიაში დარჩენა, თუ ხელისუფლებამ დიალოგისკენ ნაბიჯი არ გადმოდგაო. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ პოზიციის ერთგულნი დარჩებიან და ბოიკოტის რეჟიმში მიიღებენ მონაწილეობას და "ქართული ოცნება" სულ მარტო დარჩება კომისიაში," - ამბობს ახვლედიანი.
მისი თქმით, ივანიშვილისგან ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია მინიჭებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და ხისტ და ხშრად შეუსაბამო ინიციატივებსაც ის აჟღერებს.
"კობახიძე ამბობს, გადასანაწილებელი მანდატები მხოლოდ 3% რჩება და რატომაა ამდენი საუბარი ოპოზიციის მხრიდანო. ეს კი ტყუილია. მარტო ბოლო არჩევნებზე 21% დარჩა გადაუნაწილებელი და 150-კაციანი პარლამენტის პირობებში ეს 30 მანდატამდე ნიშნავს. ანუ, "ოცნება" 30 დეპუტატის ჩუქებას ითხოვს, საზოგადოებას კი ატყუებს, რომ მხოლოდ 3%-ზეა საუბარი. ამგვარი პოზიციიდან გამომდინარე, ხელისუფლება მოლაპარაკებისთვის არეალსაც არ ტოვებს," - დასძენს ახვლედიანი.
"ოცნება": "მაინც არაფერი გამოუვათ"
"ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის შენიშვნებსა და არგუმენტებს არ გაცნობია, თუმცა "ოცნება" იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც სწორად მიაჩნია.
"თუ ეს მოთხოვნები რადიკალურ წინააღმდეგობაშია იმ შეხედულებებთან, რაც ჩვენ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში გაგვაჩნია, ბუნებრივია, მისი გათვალისწინება ვერ მოხდება," - ამბობს კახიანი.
მისი თქმით, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობენ რამდენი ხანია და ოპოზიციიდან არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენიათ, საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები გააჩნია და აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში ფაქტობრივად არანაირ მონაწილეობას არ იღებს, რატომ უნდა იყოს ასეთი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული. შესაბამისად, როცა არგუმენტი არ არის, მოსაზრებას ვერ გაითვალისწინებენ.
ასევე მისთვის მიუღებელია, მანდატების გადანაწილება მოხდეს ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე, რადგან ეს, მისი განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკის ეფექტურ ფუნქციონირებასა და სტაბილურობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. მაგალითად ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების პრობლემა შეიქმნება. სწორედ ამ პრობლემების არშექმნის გამო წინააღმდეგია, ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწიოს.
"ბარიერის ზედმეტად დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტში ძალიან ჭრელი კონფიგურაციის მიღება. ეს არ არის სასურველი მოვლენა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გარკვეული პრობლემა შეიქმნას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისა და ყოველივე ეს არ იქნება სასურველი სტაბილურობის თვალსაზრისით," - აღნიშნავს კახიანი.
არ ემხრობა ასევე არც საარჩევნო ბლოკების არსებობას და აცხადებს, რომ მათი მიზანი პარტიების გაძლიერებაა, ბლოკების არსებობა კი ძლიერი პარტიების ჩამოყალიბებას გარკვეულწილად უშლის ხელს.
"რასაც ახლა ვსაუბრობ, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები, საბოლოო გადაწყვეტილებებს კომისია მიიღებს თვის ბოლოს. მომავალ კვირას გაგრძელდება საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და ამ თემაზე საუბარი იქნება. ამ წინადადების წარმომდგენი ადამიანები კომისიის წევრები არიან და როდესაც შეხვედრები განახლდება, იქ დააყენებენ ამ საკითხს, მოვისმენთ და პოზიციებსაც გავაცნობთ," - ამბობს კახიანი.
მისი განცხადებით, შეუძლებელია "ოცნებამ" კონსტიტუციის ისეთი პროექტი შეიმუშაოს, რომლის ყველა მუხლსა და დებულებას კომისიის ყველა, 73-ვე წევრი დაუჭერს მხარს. ამბობს, რომ კონსენსუსი გულისხმობს გარკვეულ კომპრომისსაც და "ოცნება" კომპრომისზე უკვე წავიდა.
"როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობას იწყებდა, მაგალითად, საარჩევნო სისტემაზე, თავიდან საკითხი იდგა ასე: მაჟორიტარული სისტემა იქნებოდა თუ პროპორციული. დღეს ამ თემაზე კი აღარ ვმსჯელობთ, არამედ იმაზე, პროპორციულ სისტემაში მანდატების გადანაწილება როგორ მოხდეს და თუ ამ კომპრომისს ვერ ხედავენ ჩვენი ძვირფასი კოლეგები, სად ვიყავით და სად ვართ და კონსენსუსი წარმოუდგენიათ იმდაგვარად, რომ ყველაფერი, რასაც იტყვიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ არა, კომისიის ბოიკოტირებას მოახდენენ, ასეთი მიდგომა, ბუნებრივია, არ გამოდგება და ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ სწორია," - აცხადებს კახიანი.