გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციების გატანის შემდეგ, თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სპეციალური ტექნიკით მორეცხეს.
„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილის თქმით, ამ ტერიტორის საფუძვლიანად, სპეციალური ტექნიკით დასუფთავებას, ხელს გარევაჭრობა უშლიდა. დავით დოლიძემ აღნიშნა,რომ ქუჩაში განთავსებული სავაჭრო ობიექტები ხელს მეეზოვეებსაც უშლიდა.
„ამ ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიასთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფს" მოსახლეობა ძალიან ხშირად მომართავდა. დღეიდან ვპირდებით ადგილობრივებს, რომ დილის საათებში, ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდება, შემდეგ კი აღნიშნული ტერიტორია სპეციალური ტექნიკით მოირეცხება " , - განაცხადა დავით დოლიძემ.
უნებართვო გარევაჭრობის აკრძალვა 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ ექნებათ.
დედაქალაქის მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სხვადასხვა ბაზრობის ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეწარმეები პირველი 6 თვე საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.