პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით, 7 აპრილს წარდგება. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
ცნობილია, რომ პრემიერმინისტრთან ერთად, 7 აპრილს პარლამენტში დევნილთა და ეკონომიკის მინისტრებიც იქნებიან.დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს სოზარ სუბარიც.
„მე როგორც ჩანს დავესწრები, ეს გუშინ გადაწყდა. არ მგონია დევნილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან რაღაც სათქმელი არსებობდეს, თუმცა შესაძლებელია ოპოზიციამ დასვას გარკვეული კითხვები ან გარკვეული წინადადებები წამოჭრას" , - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სრული ჩამონათვალი, თუ ვინ მოისმენს პრეზიდენტის მოხსენებას მინისტრთა კაბინეტის წევრებიდან, ჯერჯერობით დაუზუსტებელია.ვიცეპრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს საკითხი პრემიერმინისტრთან თათბირის შემდეგ გადაწყდება.
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს განცხადებით, პარლამენტში წამსვლელი მინისტრების ვინაობა დღის ბოლომდე დაზუსტდება.