რუსეთის სახელმწიფოს სათათბირო კომიტეტის სპიკერი პარლამენტს დიმიტრი მედვედევის მიმართ ბრალდებების გამოძიებისგან თავის შეკავებას სთხოვს. ბრალდებები პრემიერმინისტრის მისამართით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა.ოპოზიციის ბრალდებების გამოძიება სათათბიროში კომუნისტურმა პარტიამ მოითხოვა და სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" პრემიერის ქონება შეისწავლა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიმიტრი მედვედევი რამდენიმე მდიდრულ რეზიდენციას და ფონდებს ფლობს, რომლებსაც შემოწირულობის სახით, 70 მილიარდი რუბლი ჩაერიცხათ.
ბრალდებებზე პირველი კომენტარი დიმიტრი მედვედევმაც გააკეთა და დოკუმენტურ ფილმში მოყვანილ ფაქტებს გამოგონილი უწოდა. ნავალნის ფონდის მიერ გავრცელებული ვიდეო „youtube"-ზე უკვე 14 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.
მედვედევი კორუფციული გზებით ქონების მოპოვებას არ აღიარებს და ამ ბარლდებას სისულელეს და არაკეთილსინდისიერს უწოდებს. პრემიერმინისტრის თქმით, მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია და გამოძიების მიზანი უკმაყოფილო მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანაა. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „reuters"-ი რუსულ გამოცემა „ria.ru"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოპოზიციონერ ნავალნის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს, კორუფციული გზით სხვადასხვა სახის მდიდრული უძრავი ქონება აქვს მოპოვებული. საპროტესტო გამოსვლები, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.
მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 900-მდე მონაწილე დააკავეს. აქციები 82 ქალაქში გაიმართა და მთლიანად 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.