სენატორები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებენ, რომ რუსეთში პროდასავლურად მოაზროვნე აქტივისტებს შეხვდეს. ეს წინადადება რექს ტილერსონს „დემოკრატმა" სენატორმა ჯინ შაჰინმა და „რესპუბლიკელმა" მარკო რუბიომ შესთავაზეს. ისინი იმ კომიტეტის წევრები არიან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტს მეთვალყურეობს.
„დემოკრატიულად მოაზროვნე რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს დაამ გზავნილის ქვეყნის მთავარი დიპლომატის მიერ გაჟღერება საუკეთესო იდეაა" , - ნათქვამია სენატორების წერილში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს შეთავაზებაზე ჯერ არ უპასუხია. რექს ტილერსონმა თანამდებობაზე ყოფნის 2 თვის განმავლობაში, საზღვარგარეთ 4 სახელმწიფო ვიზიტი გამართა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „Reuters"-თან საუბარში განაცხადა, ტილერსონი მაისის ბოლოს ჯერ იტალიაში გაემგზავრება, სადაც დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება, რის შემდეგაც უკვე მოსკოვში გამართავს მოლაპარაკებებს.ტილერსონი რუსეთში ვიზიტისას, ყირიმის ანექსიაზე და სირიის სამოქალაქო ომზე საუბარს გეგმავს.