„რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 20 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს.
„რესპუბლიკელების“ წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსმენების კანონი არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
„იმ დებულებების გასაჩივრებას მოვითხოვთ, რომლებიც ხელყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, რომ ამ სისტემის არსებობა არ შეიძლება, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ისევ გააუქმებს აღნიშნულ კანონს, ჩვენ 20 ინდივიდუალური სარჩელი წარმოვადგინეთ", - განაცხადა კორძაიამ.
1-ელ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. 20 მარტს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა ორი დღის შემდეგ დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ხელი მოაწერა ე.წ. ფარული მოსმენების კანონს, ხოლო 31 მარტს ის ამოქმედდა.
აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.