მმართველი პარტია გიორგი მარგველაშვილისაგან დღეს მორიგ კრიტიკას ელის და საპასუხო განცხადებებს ამზადებს
ეკატერინე ბასილაია
07.04.2017

 პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს მეოთხედ გამოვა და მოლოდინია, რომ მისი სიტყვა მმართველიმ გუნდის საკმაოდ კრიტიკული იქნება და დებატებიც მწვავედ ჩაივლის. "ოცნების" დეპუტატები კრიტიკული შეპასუხებისთვის უკვე ემზადებიან კიდეც.

რამდენად კრიტიკული და პრეტენზიული იქნება უმრავლესობა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას იტყვის პრეზიდენტი პარლამენტში.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დიდი შეჯიბრი იქნება იმაზე, პრეზიდენტის ლანძღვაში ვინ უფრო კარგად მოაწონებს თავს "შპს ქართული ოცნების" დირექტორ ბიძინა ივანიშვილს". "აირაის" კვლევით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსად მარგველაშვილის დასახელების გამო კი მოლოდინი აქვს, რომ კიდევ უფრო განრისხებულმა "მეოცნებეებმა" დესტრუქციული განცხადებებიც გააკეთონ, ხოლო პრეზიდენტისგან ელოდება, რომ ის აკადემიური ტერმინოლოგიით დამარცხებს ოპონენტებს.

ქვეყნის პირველი პირი პარლამენტში 12 საათზე მივა. მის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრებიან პრემიერი, ვიცე-პრემიერები და მინისტრების დიდი უმეტესობაც და ამით ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწესებულ ერთგვარ ბოიკოტს უკვე მეორედ დაარღვევს მინისტრთა კაბინეტი.წინასწარი ცნობით, დღეს ქუთაისში სახელმწიფო მინისტრები - ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე არ იქნებიან. ციხელაშვილის თქმით, ის ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრება, ხოლო დოლიძე ამბობს, რომ ღინისძიებები აქვს დაგეგმილი. დანარჩენები კი, პრემიერთან კონსულტაციების შემდეგ, ჩასვლაზე თანხმობას აცხადებენ.

მინისტრების გარდა მოხსენებას დაესწრებიან დიპლომატთა კორპუსი, პატრიარქი და წმიდა სინოდის წევრები.

წელს პირველად დაირღვევა პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი და გაიმართება დებატები. მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირის წინ, როდესაც გამოცხადდა მარგველაშვილის მოხსენების ზუსტი თარიღი, "ოცნების" დეპუტატების დიდი ნაწილი საჭიროდ არ თვლიდა დებატების გამართავს, საბოლოოდ ამაზე შეთანხმება მაინც შედგა. პრეზიდენტის 45-წუთიან გამოსვლას მოჰყვება 2-საათიანი დებატები და ამას ერთგვარ წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ პოლიტოლოგები.

გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში გუშინ, მოხსენებამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა და შეხვედრები გამართა ჯერ ქუთაისის უნივერსიტეტში კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში, სადაც სტუდენტებს შეხვდება და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სტუდენტების მოსაზრებებს მოისმინა; შემდეგ კი შეხვდა არასამთავრობი სექტორსა და პოლიტიკოსებს.

სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტში ის მეოთხედ გამოდის და მოხარულია, რომ პირველად მიეცემა საშუალება დეპუტატებს კითხვებზე პასუხი გასცეს.

"პირველი სამი გამოსვლა იყო ისე, რომ დებატები არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ მეც და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიც სულ ვითხოვდით დებატები ჩატარებულიყო. მე პარლამენტის გადაწყვეტილებას დებატების ჩატარებაზე მივესალმები," - აღნიშნა მარგველაშვილმა და იქვე სტუდენტებს პირობა მისცა, რომ მათ მიერ დასმულ საკითხებზე გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებდა.

"ამ კითხვებს, რაც თქვენ დასვით, მე პარლამენტში დავსვამ და იმედია, არგუმენტირებულ პასუხსაც მივიღებ ჩვენი პატივცემული დეპუტატებისგან," - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტუდენტების კითხვები კი ე.წ. ფარული მოსმენების კანონს და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა.

აყველა - ოპოზიციაც, ხელისუფლებაცა და ექსპერტებიც დარწმუნებული არიან, რომ მარგველაშვილის გამოსვლა იქნება მმართველო ძალის მიმართ კრიტიკული. გასაკრიტიკებელი თემების ჩამონათვალი კი ბევრია. მათ შორის უპირველესად დიდი კრიტიკა იქნება ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი გუშინ უკვე შევიდა კიდეც.

ასევე მთავარი თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის არაპირდაპირი არჩევით შეცვლის "ოცნებისეული" გეგმა. მარგველაშვილმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხალხიც და თავადაც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების წინააღმდეგ არიან.

ითქვა ისიც, რომ მოხსენებაში ასევე მთავარი დეტალი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ამ კუთხით მარგველაშვილის კრიტიკის ობიექტი იქნება მთავარობის ეკონომიკური გუნდი.

ოპოზიცია ასევე იმედოვნებს, რომ მარგველაშვილი შეეხება სასამართლო სისტემას, "გაზპრომის" გასაიდუმლოებული ხელშეკრულებას მიუღებლობას და მედიის თავისუფლების შეზღუდვას.

საპარლამენტო უმრავლესობა კი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნას მმართველი გუნდის კრიტიკისთვის გამოიყენებს და პასუხის გასაცემადაც ემზადებიან.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მოსალოდნელი კრიტიკის ფონზე ისინი შეეცდებიან საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე სრული ინფორმაცია მიაწოდონ.

"განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდებით, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის წინა გამოსვლებიდან უკვე ნათელია მისი პათოსი, მისი გამოსვლის სტილი. მას ექნება ბევრი კრიტიკული შენიშვნა, რიგ შემთხვევებში არ გამოვრიცხავ, რომ გასაზიარებელიც კი. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად კონსტრუქციულად წარვმართოთ ეს ე.წ. დებატები," - აცხადებს მდინარაძე.

"ქართული ოცნების" წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, ხშირად ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დაპირისპირებები, თუნდაც კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე მისი გუნდის წევრები ისაუბრებენ.

ალექსანდრე ქანთარიას თქმით, ჯერ ნახავენ რას იტყვის მარგველაშვილი და შემდეგ იქნება შესაბამისი პასუხებიც, ხოლო წინასწარ "რაიმე კონკრეტული შეტევა" არ იგეგმება.

"შეიძლება გარკვეული კომენტარები შემდეგ გავაკეთოთ, იმის მიხედვით, თუ სათქმელს როგორ ჩამოაყალიბებს, რა ასპექტებს შეეხება, რამდენად საფუძვლიანი და ნორმალური იქნება მისი გამოსვლა. არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული შეტევა უნდა განვახორციელოთ. ერთადერთი შეიძლება ვიკითხოთ, საკონსტიტუციო კომისიაზე რატომ არ ესწრებიან მისი წარმომადგენლები," - აღნიშნავს ქანთარია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ "ოცნება" მზადაა ყველა კითხვას და პოზიციას გასცეს პასუხი.

"ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვას და ყველა პოზიციას გავცეთ პასუხი, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი დადებითი და კარგი რამ გაკეთდა სწორედ ჩვენი გუნდის მმართველობის დროს. შეიძლება ძალიან ადეკვატურად შეაფასოს ის სიტუაცია, რომელიც არის ქვეყენაში. დაველოდოთ, ვნახოთ ის რას იტყვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ობიექტურობას შეინარჩუნებს," - ამბობს კილაძე.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "პარლამენტართა ასეული" უკვე თვეებია პრეზიდენეტზე თავდასასხმელადაა დაგეშილი და ელოდება, რომ პრეზიდენტი აკადემიური ტერმინოლოგიით დაამარცხებს "მეოცნებე ზონდერების" მხრიდან "პრეზიდენტის მიჭირხვნის მცდელობას".

"ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" არ განმარტავს არც იმას, აქამდე რატომ არ იყო დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ან დღეს რატომაა მისაღები ის, რაც აქამდე მიუღებელი იყო.

"ჩემი აზრით, საკონსტიტუციო უმრავლესობით გულმოცემულმა "ოცნებამ" გზავნილი მიიღო შპს "ქართული ოცნების" მეპატრონისგან - "დაჰკარით მაგას".

"კრიტიკულად გამომსვლელების რაოდენობა ბევრი იქნება და კარგი იქნება, თუ ამ კრიტიკისას არ გასცდებიან აკადემიურ ჩარჩოებს. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ინტერესია საზოგადოებამ მოისმინოს პრეზიდენტის განწყობები. საინტერესო იქნება, თუ ის რაიმე პერსპექტივაზეც ისაუბრებს. ფაქტია, რომ "აირაის" კვლევაში მარგველაშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ეს კი კიდევ უფრო გაავეშებს "ქართული ოცნების" დიდ ნაწილს, რადგან პარლამენტართა ასეული თვეების მანძილზე დაგეშილია პრეზიდენტზე თავდასახმელად.

"მეოცნებე" ზონდერების გარკვეული ჯგუფი კი შეეცდება პრეზიდენტი მიჭირხვნოს. ყველა გამომსვლელი შეეცდება თავი მოაწონონ შპს-ს დირექტორს. ბევრად დიდი ალბათობაა ბატონი პრეზიდენტი არ აჰყვება ქუჩურ ტერმინოლოგიას და აკადემიზმით დაამარცხებს ორღობეებში შეთხზულ ვერსიებს," - ამბობს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×