სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე, როინ ლეონიძე შემთხვევის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, თურქმა მებაჟეებმა არა მხოლოდ სარფის საბაჟოზე, არამედ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც სასიკვდილოდ სცემეს. დაზარალებული თურქულ მხარეს კომპენსაციას სთხოვს.
„თურქეთში მივდიოდი და საზღვარზე პასპორტი რომ მივაწოდე, დამიხატა ისარი, რომელიც უკან დაბრუნებას ნიშნავდა. მებაჟემ პასპორტი დამიბრუნა, მაგრამ არ უთქვამს, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი, შესაბამისად, გზა გავაგრძელე. მომიახლოვდა თურქი მებაჟე და დამიწყო ცემა. სასიკვდილოდ მცემდნენ, განყოფილებაში, რომ გადამიყვანეს იქაც სასტიკად მცემეს და ფეხზე რომ ვეღარ ვდგებოდი საავადმყოფოში გადამიყვანეს. თავისა და ზურგის არეში მძიმე დაზიანებები მაქვს. საქართველოს კონსულთან ერთად პროკურორთან ვიმყოფებოდი, რომელმაც გადახედა ვიდეო მტკიცებულებებს და დაზარალებულად მცნო. იქ ყოფნისას გავიგე, რომ სამართალდამცველები, რომლებიც ფიზიკურად გამისწორდნენ, სამსახურიდან გაუშვეს. აღნიშნული პირების მიმართ განცხადება დავტოვე და ვითხოვ კომპენსაციას", -აღნიშნა როინ ლეონიძემ.