რეზონანსი
09.04.2017

 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ყვავილებით შეამკეს. რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ.

„ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოკიდებლობისათვის გაწირეს" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მათ გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნისთვის პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან თბილისის მერიც იმყოფებოდა.

„ეს დღე არის თითოეული ადამიანისთვის შეხსენება, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანი" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

9 აპრილის მოვლენები გორშიც გაიხსენეს. „9 აპრილის" ბაღში 28 წლის წინანდელი ტრაგედიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება მოეწყო.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო.

დარბევისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე მოიწამლა.

1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×