საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება. საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ ქმედების მიზანი რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებაა.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
„რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას" , - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ რეფერენდუმის საკითხსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო რეჟიმის ახლანდელი ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით, სამხრეთ ოსეთს „ალანია" უნდა ეწოდოს.
„საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება, მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას.მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას" , - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებისა და რეფერენდუმის საკითხზე რეაგირებას ითხოვს.