პრემიერმინისტრი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს და ე. წ. რეფერენდუმს ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი უკანონოა და მათ სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
„სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია და კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.
„მე მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს - საქართველოს მშენებლობისთვის" , - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.