საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტის შესახებ კომისიის შემადგენლობა და საზოგადოება ინფრომაციას, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ან არაუგვიანეს მაისის დასაწყისში გაეცნობა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი უკვე მეორედ აანონსებს, რომ აპრილის ბოლოსთვის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი განსახილველად მზად იქნება.
მანამდე კი, 11 აპრილს კომისია მუშაობის ბოლო - მესამე ეტაპს იწყებს, რომლის დროსაც კომისიის წევრებმა უკვე შეთანხმებული ცვლილებების სამუშაო ვერსია უნდა განიხილონ და ბოლო კორექტივები შეიტანონ.
ოპოზიციის ნაწილს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა საბოლოო პროექტის წარდგენამდეც კი დატოვოს.
კომისიის დღის წესრიგი
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა და თქვა, რომ ცვლილებების პაკეტი კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დაახლოებით ერთი კვირის წინ განუცხადა, რომ ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება.
"კომისიაში წარმოდგენილია 73 წევრი, მათ შორის ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში.
"კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად, 10 აპრილის შემდეგ გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არა მარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ უკვე კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ კომისიის პლენარულ სხდომას.
"უკვე აპრილის ბოლოს კი დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ის დოკუმენტი გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რომელიც დასმულია. ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია წარმოდგენილია საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ასახულია იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა 3 თვეზე მეტია, მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს, მათ შორის, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცაზე, მისი არჩევის წესზე, ქვეყნის ევროპულ ორიენტაციაზე კონსტიტუციაში შესაძლო ჩანაწერის შექმნაზე და ა.შ.
მსჯელობის დაწყებამდე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პროგნოზირებდნენ, რომ დოკუმენტი მზად სამი თვის ვადაში იქნებოდა, რასაც შემდგომ საერთო სახალხო განხილვა მოჰყვებოდა.
როგორც "მთელ კვირას" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა განუცხადა, მმართველ პარტიას სამუშაო პროცესზე დროის შეზღუდვა არ დაუწესებია და, შესაბამისად, ეს პროცესი უახლოეს კვირაში კვლავ გაგრძელდება. ხვალ, 11 აპრილს საკონსტიტუციო კომისია მორიგ სხდომას გამართავს, რითაც კომისიის მუშაობის ე.წ. მესამე რაუნდი დაიწყება. სამუშაოს დასრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებათა საბოლოო პაკეტის საზოგადოებისათვის წარდგენის ზუსტი თარიღიც, შესაძლოა, სამშაბათს დასახელდეს.
"ჩვენ ვთქვით, რომ 1 მაისამდე ცვლილებების პაკეტი მზად იქნებოდა და, შესაბამისად, მასზე სამუშაოდ 4 თვე ავიღეთ. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის პაკეტი მზად იქნება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება საბოლოოდ, რა პროექტს შეიმუშავებს კომისია," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კახიანი.
რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას
ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილსა და ამავდროულად კომისიის წევრებს კი სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ და ამბობენ, რომ მოსალოდნელ ცვლილებებზე სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ სრულყოფილ ინფორმაციას არა მხოლოდ საბოლოო პაკეტის, არამედ მომავალში შესაძლო განსახორციელებელი ცვლილების შესახებაც კი არ ფლობს. იგი ამის მიზეზსაც განგვიმარტავს და ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ცვლილებები უკვე წინასწარ აქვს მომზადებული და გეგმავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კომისიის სახელით დაამტკიცოს.
შავგულიძე ფიქრობს, რომ ამ ფორმატით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა გაუმართლებელი და არაკეთილსინდისიერია. იგი "მთელ კვირასთან" საუბრისას ყურადღებას საქართველოში ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა სტუმრობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ უმრავლესობამ მათ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მომზადებული დოკუმენტი ისე გადასცა, რომ კომისიის დანარჩენ შემადგენლობას ის არც გააცნო და არც საქმის კურსში არ ჩააყენა.
"როდესაც ვენეციის კომისია ჩამოვიდა, უმრავლესობამ მას უკვე დოკუმენტი (დრაფტი) გადასცა, ანუ მათ უკვე მოფიქრებული აქვთ, რა ცვლილებებს გაატარებენ, ჩვენ კი კომისიის წევრებს ისე ვხვდებოდით, რომ ეს დრაფტი ხელთ არ გვქონდა. მაშინ მოდერატორს მივმართე, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ამის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს უხერხული იყო.
"დოკუმენტი, რომელზეც უნდა გვესაუბრა, მათ ხელთ ჰქონდათ, ჩვენ კი, კომისიის წევრებმა, არ ვიცოდით, რა ეწერა მასში. ვენეციის კომისიის წევრებმა კი ჩვენს მოთხოვნაზე ერთმანეთს გადახედეს. აი, ასეთი არაჯანმრთელი სიტუაციაა ამჟამად," - აცხადებს შალვა შავგულიძე.
მისივე თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ დანარჩენმა კომისიის წევრებმა რეაგირება ვერ მოასწრონ და თუ ოპონირება იქნება საჭირო, ესეც ვერ მოახერხონ, თავად კი მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველი ძალის ინტერესში შედის.
"ეს იმისთვისაა, რომ პოტენციურად ოპოზიციურად განწყობილი კომისიის წევრები დროის ცაიტნოტში აღმოჩნდნენ და საკითხების გააზრება, ოპონირება ვერ მოასწრონ, თუნდაც იმით, რომ პროტესტის ნიშნად კომისია დატოვონ. არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რომლის გადალახვის შემდეგაც ჩვენ ამ პროდუქტზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ," - აღნიშნავს კომისიის წევრი.
შავგულიძის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" კომისიის არაკეთილსინდისიერი ორგანიზების ფორმით საკუთარ ინტერესზე მორგებული კონსტიტუციის მიღება სურს, რომელსაც შემდგომ საერთო სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას დაარქმევს.
"დასაწყისშივე, როცა უმრავლესობამ მუხლობრივად მუშაობის ფორმა შემოგვთავაზა, პირველსავე სხდომაზე ვთქვით, რომ ასეთი ფორმატით მუშაობა არაპროდუქტიული იქნება. მაშინაც ვთქვი და ვიმეორებ, რომ კონსტიტუციას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ კონსტიტუცია არ არის სიმინდის ყანა, რომ მიადგე და რიგების მიხედვით, პირველი მუხლიდან ბოლო მუხლამდე გათოხნო და გადაუარო.
"აქ საკითხი სხვანაირად დგას - რადგან უმრავლესობამ, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება აქვს, გადაწყვიტა, რომ კონსტიტუცია რეფორმას საჭიროებს, მაშინ წარმოგვიდგინოს ჩვენ და უპირველესად საზოგადოებას, თუ რა კონცეპტუალურ ცვლილებებს ხედავს საჭიროდ.
"კომისიამ ამ კონცეფციის ირგვლივ უნდა იმსჯელოს, შემდეგ კონსენსუსის მიღწევა მოხდეს, მისი მუხლობრივი ასახვა კი იურიდიული ტექნიკის საქმეა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, თუ რა ცვლილებების გატარებას აპირებს და, შესაბამისად, ყველასთვის ნათელი გახდება, თუ რა ცვლილებებზეა საუბარი. მმართველ ძალას სწორედ ამის დაფარვა სურს.
"ხოლო იმ ცვლილებების გატარება, რასაც ხელისუფლება აპირებს, მის ყველა ინსტიტუტზე გავლენის გაძლიერებას ემსახურება და უპირველესად პრეზიდენტზე, რაც წლების განმავლობაში ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ ასეთ ფორმატს, რომ შემდეგ ეს ცვლილებები კომისიის სახელით გავიდეს, რაც სინამდვილეში ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ცვლილებები იქნება, ოღონდ საკონსტიტუციო კომისიის სახელით," - ამბობს შავგულიძე.
მას აშფოთებს ის ფაქტი, რომ მუშაობა ასეთ ფორმატში გრძელდება. მიიჩნევს, რომ ესაა წინა ხელისუფლების მეთოდის კალკირება - ხელისუფლების უზურპაცია, შემდგომ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება, შემდეგ საარჩევნო სისტემის თავის თავზე მორგება და ა.შ.
"ვის გაუგია ასეთ ფორმატში თუნდაც ნებისმიერ კანონზე მუშაობა?! ყველამ ვიცით, შედეგად ამას რა მოჰყება. გარდა ხელისუფლების დაკარგვისა, ზოგიერთი პოლიტიკოსი მერე საზღვარგარეთ გარბის და ზოგიერთი ციხეში მიდის, იმდენი აქვს დაშავებული. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, კულტურულ და ცივილიზებულ ქვეყნად ვიქცეთ?" - განუცხადა "მთელ კვირას" შალვა შავგულიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საბოლოო პაკეტის შესახებ "ევროპულ საქართველოს" ინფორმაცია ჯერ არ აქვს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ამ კვირაში კონკრეტული შემოთავაზებები უკვე მზად იქნება.
"ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე მოვიკითხეთ და ყოველდღე ვკითხულობთ, ჯერ პროექტი მზად არაა. რაც შეეხება ვენეციის კომისიისთვის მიწოდებულ ინფორმაციას მოსალოდნელ ცვლილებებზე, ეს დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს.
"რა თქმა უნდა, დაახლოებით ვიცით, რაზეა აქ საუბარი, რადგან კომისიის წევრებს ჩვენც შევხვდით და კონტრარგუმენტები წარვუდგინეთ, თუმცა თავად ეს დოკუმენტი ჩამოყალიბებული ფორმით ნანახი არ მაქვს," - გვითხრა სერგი კაპანაძემ.
მმართველი გუნდის პასუხი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კომიის წარმომადგენელი გიორგი კახიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ უმრავლესობამ ვენეციის კომისიას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დოკუმენტი წარუდგინა. კახიანის თქმით, ეს ვერც მოხდებოდა, რადგან პროექტი ჯერ მზად არაა.
"ვენეციის კომისიას ჯერ არანაირი პროექტი არ წარდგენია. პროექტი არც შემუშავებულა და რა წარედგინებოდა? ეს მოხდება მას შემდეგ, რაც პროექტი საბოლოოდ იქნება შემუშავებული, ხოლო როდის იქნება ეს, ამაზე უკვე გიპასუხეთ. იმ პირობებში კი, როცა ჯერ საბოლოო პროექტი არაა შემუშავებული, ბუნებრივია, ვერც ვერაფერი წარედგინებოდა," - ამბობს იგი.
რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნას იმის შესახებ, რომ მმართველი ძალა საბოლოო დოკუმენტის შესახებ კომისიის დანარჩენ წევრებს ინფორმაციას არ აწვდის, დეპუტატი ამას ასე პასუხობს:
"როგორც ჩანს, ბატონი შალვა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს არ ესწრება, ან მხოლოდ ერთის წევრია და სხვებში არ მონაწილეობს. ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი. მას აქვს შესაძლებლობა, ყველა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. შეუძლებელია, ვინც ამ ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის პროექტებია წარმოდგენილი.
"რაც შეეხება საბოლოო პროექტს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს დოკუმენტი ჯერჯერობით მზად არაა. რა თქმა უნდა, ალტერნატივები, რაც ამ 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატორების მხრიდან იყო წარმოდგენილი, არსებობს, მაგრამ ეს არც საბოლოო და არც შუალედური პროექტი არ არის," - გვითხრა კახიანმა.