საკონსტიტუციო კომისია დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებებს განიხილავს. კომისიის წევრები ქვეყნის მთავარ კანონში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე იმსჯელებენ.
სამოქალაქო კოდექსში ქორწინების შესახებ ჩანაწერი უკვე არსებობს. 1106-ე მუხლში წერია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში მსგავსი სახის ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს.
„საქართველოს კანონმდებლობა უკვე ადგენს ქორწინების წესს, შესაბამისად, კონსტიტუციაში ქორწინებაზე საუბარი სრულიად უადგილოა. ზოგადად, შემოთავაზებულ პროექტში ჩადებულია არა ერთი საკითხი, რომელსაც კონსტიტუცია არ უნდა არეგულირებდეს" , - განაცხადა „ენმ"-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მათი თქმით, ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციით უნდა მოხდეს. მმართველ გუნდში განმარტავენ,რომ ოჯახის დეფინიციისას ევროპულ კონვენციაშიც ქალი და მამაკაცია ნახსენები.
„პირად ცხოვრებას ვინ როგორ მოიწყობს და ვის როგორ ურჩევნია, რომ განსაზღვროს თავისი პირადი სივრცე, ამაში არავინ არ ერევა და არ ჩაერევა, მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყნის კონსტიტუციაზე და ძირითად კანონზე, განსაზღვრება ხდება, რა არის ქორწინება და არა ოჯახი და ეს არის სხვადასხვა რამ" , - განაცხადა ეკა ბესელიამ.