თბილისის ზოოლოგიურ პარკს დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის ზოოპარკმა 19 აფრიკული პინგვინი აჩუქა. ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია ხვალ 17:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა.
პინგვინების მისაღებად ზოოპარკში ძველი პინგვინარიუმი გაფართოვდა, ასევე დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო მოაწყვეს.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს სრულად ესადაგება.
„აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.