თბილისის საკრებულოსთან, სადაც დღეს დედაქალაქის მერი წლიური მოხსენებით წარსდგება, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.
„მოვითხოვთ მოწესრიგებული გარევაჭრობის დაკანონებას", „მოვითხოვთ ევროპულ გარევაჭრობას" , - ამ ლოზუნგებით გარემოვაჭრეები საკანონმდებლო რეგულაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, დიდ სავაჭრო ცენტრებში მაღალი გადასახადია დაწესებული, რომლის გადახდასაც ისინი ვერ შეძლებენ. მოვაჭრეები ასევე ამბობენ, რომ გარევაჭრობა მხოლოდ რამდენიმე ადგილზე აიკრძალა, რაც უსამართლობაა, რადგან სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს.
გარემოვაჭრეები დავით ნარმანიასთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. დედაქალაქის მერს საკრებულოში 16:00 საათისთვის ელოდებიან.
თბილისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა 19 მარტიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარემოვაჭრეების დახლები ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე, მარჯანიშვილის მეტროსთან, სადგურის, დინამოსა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღეს.