საქართველოს უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრები 17 აგვისტოს გერმანიაში, კონტინენტის პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.
უსინათლოთა ნაკრებს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა. მინისტრმა მათ წარმატება მიულოცა.
„თქვენ ხართ ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამ ცხოვრებაში არაფერია დაუძლეველი, თუ მონდომებული ხარ და გიყვარს ის საქმე, რომელსაც ემსახურები. თქვენ ახალი ოლიმპიური ციკლის სათავეში დგახართ და მინდა გისურვოთ ტოკიოს პარაოლიმპიადის საგზურის მოპოვება" , - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანეთს 7:0, რუმინელებს 5:0, ირლანდიელებს კი 1:0 მოუგეს. ნახევარფინალში საქართველომ პენალტების სერიაში დაამარცხა საბერძნეთი.
საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით გიორგი ბასილაშვილი გახდა, ირაკლი მანდარია კი საუკეთესო მეკარედ დასახელდა.უსინათლოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი პოპოვია.