გვანცა ღვედაშვილი
12.04.2017

 კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" კომისიის წევრებს გააცნო, არ ეთანხმებიან როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

"რეზონანსი" კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილს წარმოგიდგენთ, რომლებიც უკვე ცნობილია.

იცვლება:

- პრეზიდენტის არჩევის წესი და მას არა ხალხი, არამედ წარმომადგენლობითი სახით 300 დელეგატი აირჩევს.

- პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შერჩეული პირები.

- პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზი იზრდება 35 წლიდან 40 წლამდე, ქვეყანაში ცხოვრების ვალდებულება კი - 5-დან 15 წლამდე.

- პრეზიდენტს აღარ ექნება კავშირი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან, გაუქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო.

- პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული თავდაცვის საბჭო მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიკრიბება.

- პრეზიდენტი აღარ იქნება ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

- პრეზიდენტს აღარ ექნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლება. მათ, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

- ასაკობრივი ცენზი 40 წლამდე იზრდება საკონსტიტუციოს მოსამართლეებისთვისაც.

- 21-დან 25 წლამდე იზრდება პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი. ამასთან სავალდებულოა, რომ ასარჩევ პირს საქართველოში მინიმუმ 10 წელი ჰქონდეს ნაცხოვრები.

- მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი იზრდება 30 წლამდე.

- მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა სახალხო დამცველი. უფლებამოსილების ვადა უცვლელი რჩება და ხუთწლიანი იქნება.

- არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სიით და გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთნება.

- იკრძალება საარჩევნო ბლოკების შექმნა.

- აღარ შეიცვლება პარლამენტის ადგილმდებარეობა და საკანონმდებლო ორგანოს ადგილად კვლავ ქალაქი ქუთაისი დარჩება.

- განისაზღვრება ქორწინების ცნება, როგორც "ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას".

- გადასახადების დაწესებისთვის ან მათი გაზრდისთვის საჭირო გახდება რეფერენდუმის ჩატარება.

- კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შესახებ. ის მხოლოდ ორგანული კანონით დარეგულირდება და შეიქმნება ახალი კანონი მიწის შესახებ.

"ჩემთვის სადავოა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევის შესახებ შემოთავაზებული წესი. ასევე ვერ ვხვდები, რატომ უნდა განისაზღვროს პრეზიდენტის ასაკობრივ ცენზად მაინცდამაინც 40 წელი. 35 წელი საკრალური ციფრია და თითქმის ყველგან ან აღნიშნული ციფრია დასახელებული, ან საერთოდ არ არის დადგენილი. 35 წლისთვის პრეზიდენტი ან პრეზიდენტობის კანდიდატი ფსიქო-ფიზიოლოგიურად უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა. გააჩნია ცხოვრებისეული გამოცდილება, ამასთან, საკმაოდ დიდი დროა პროფესიული საქმიანობისთვისაც.

"სადავოა ასევე, საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება და გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება.

"ამასთან, სასურველი იქნებოდა, ყოფილიყო ორპალატიანი პარლამენტი და ტერიტორიული მოწყობის რაღაც ნაწილი ყოფილიყო ასახული. დღეს ეს საკითხები კონსტიტუციაში საერთოდ არ არის ასახული. დანარჩენი საკითხებიდან ზოგი სადავოა, ზოგი ჯერ კიდევ განსახილველია," - განაცხადა "რეზონანსთან" საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×