რეზონანსი
12.04.2017

 გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გუშინ მომხდარ აფეთქებას ისლამისტებს უკავშირებენ. ადგილობრივი ტელევიზიის „დოიჩე ველეს"ინფორმაციით, აფეთქების ადგილას ნაპოვნი წერილობითი შეტყობინება იწყება სიტყვებით - „გულმოწყალე ალაჰის სახელით".

წერილში ასევე ნახსენებია, ბერლინში 2016 წელს საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და ის ფაქტი, რომ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები „ტორნადო" სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მუსლიმების მკვლელობაში მონაწილეობენ.

ინციდენტის ადგილას ნაპოვნ წერილში აღნიშნულია, რომ „ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში „ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში იქნებიან".

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ მანამ იმოქმედებენ, ვიდრე სირიიდან გერმანულ „ტორნადოებს"არ გამოიყვანენ და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა „რამშტაინი" არ დაიხურება.

გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსია" ფრანგულ მონაკოს გუშინ საკუთარ მოედანზე უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო დღეისთვის გადაიდო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×