დანიაში კონტაქტურ კარატეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
შეჯიბრების პირველ დღეს, ახალგაზრდებში -60კგ. წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ ნავროზაშვილმა მოიპოვა, ხოლო -80კგ. კატეგორიაში ოთარ ესიტაშვილი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
მეორე დღეს, შეჯიბრში ევროპის უძლიერესი კარატისტები ჩაერთვნენ, კონტინენტის ტიტულის გარდა მებრძოლები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ასპარეზობის ლიცენზიებისთვისაც იბრძოდნენ, რამაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი უფრო დაძაბული, საინტერესო და მიმზიდველი გახადა. დანიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გადაწყვეტილიყო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტთა ვინაობა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდებშიც გამოიჩინა თავი და ევროპირველობაზე 3 მედალი მოიპოვა. -75კგ. კატეგორიაში, კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა. გამოცდილი ევროპის ორგზის ჩემპიონი მიხეილ წიკლაური, ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო თენგიზ ბასტოიანი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
კიდევ ერთი მედალი -85კგ. კატეგორიაში ქობულეთელმა ლევან ვერულიძემ მოიპოვა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული პირველობის 2-გზის გამარჯვებულია და ამჯერად დიდებში ბრინჯაოს დასჯერდა, რომელმაც ასევე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.
საბოლოო ჯამში, საქართველოს კარატისტთა ნაკრებმა გუნდმა დანიაში ევროასპარეზობა წარმატებით დაასრულა და გარდა მოპოვებული 5 მედლისა (1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დამატებით 2 ლიცენზიაც მოიპოვა.
აქამდე, კონტაქტური კარატეს ისტორიაში საქართველოს 4 ლიცენზია არასდროს ჰქონია.