თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის, სახანძროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოზარდები პოლიციას ჭიაკოკონობის აღსანიშნავად საბურავებისგან დანთებული კოცონის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევდნენ. როდესაც სახანძროს წყლის ჩავლით ცეცხლი უნდა ჩაექრო, ადგილობრივებმა ერთ-ერთ მეხანძრეს ცემა დაუწყეს. ინფორმაციას ერთ-ერთი თვითმხილველი ასაჯაროვებს.
როგორც თვითმხილველი წერს, მოზარდების უმრავლესობა გამომწვევად ექცეოდა პოლიციელებს, რათა მათ მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება გამოეწვია, თუმცა, პოლიციამ თავშეკავება გამოიჩინა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ოთხი ეკიპაჟი იმყოფებოდა. საბოლოოდ, სამართალდამცველების მობილიზების შემდეგ, ჭიაკოკონა ჩააქრეს.
დაპირისპირების თვითმხილველი ჰყვება, რომ საპატრულო პოლიცია ადგილზე დღისითაც მივიდა, რის შემდეგაც მოზარდების მიერ მოგროვილი, საღამოს კოცონის გასაჩაღებლად მომზადებული საბურავები შესაბამისმა სამსახურებმა წაიღეს, თუმცა „საღამოსთვის მოზარდებმა საბურავების ახალი მარაგი დააგროვეს და მორიგეობა დააწესეს, რომ პატრულს ვერ წაეღო":
ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები, რადგან მათი დაწვის შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა და დიდი საფრთხე ექმნება ადამიანთა ჯანმრთელობას.
ახალი კანონით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.