საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევა მნიშვნელოვანი საკითხია. რაც დრო გადის, საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილმა ხანძარმა პრობლემა ზედაპირზე ამოატივტივა.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია განმარტავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევა უმნიშვნელოვანესი საქმეა, რაც შეიძლება სადაზღვევო ინდუსტრიამ ბაზარს შესთავაზოს. ყველგან, სადაც კი პრობლემა გაჩნდა, სერიოზული დაბრკოლება შექმნა იმან, რომ მეწარმეებს ქონება არ ჰქონდათ დაზღვეული.
"ზარალის ანაზღაურება სხვა გზით, სახელმწიფოს სურვილიც რომ აღმოაჩნდეს, სამართლებრივად რთულია, რადგან ხალხს შესაბამისი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ეს მხოლოდ სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება მოსთხოვოს. როდესაც ადამიანი განკარგავს ბიზნესს და დიდი ფინანსური ბრუნვა აქვს, დაზღვევით აუცილებლად უნდა სარგებლობდეს. ამ მხრივ ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი.
კერძო სადაზღვევო კომპანიებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ და ძალიან კარგი პრეცედენტია, თუკი ვინმე მსგავს ინიციატივას გამოიჩენს. რისკისგან არავინ არის დაზღვეული. სადაზღვევო ინდუსტრიამ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ მეწარმეებს რისკის მართვის შესაძლებლობა მისცეს", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ბიზნესის დაზღვევის აქტუალობიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მცირე და საშუალო მეწარმეთა ცნობიერების ამაღლება, ბიზნესრისკების დაზღვევა და ამ გზით ფინანსური ზარალის თავიდან აცილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" გაყიდვის დირექტორის, გურამ მუსხელიშვილის განცხადებით, მეწარმეები სწორად და ამომწურავად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ფინანსურ რისკებთან დაკავშირებით. ამისთვის, როგორც მუსხელიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქონების დაზღვევის სტიმული და მოტივაცია არსებობდეს, რათა მათი შემოსავალი ყველა მოსალოდნელი რისკისგან დაცული იყოს.
"ჩვენი შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მეწარმისთვის ინფორმაციის მიწოდება ბიზნესრისკების დაზღვევის შესახებ. მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი აცნობიერებდეს, რომ ფინანსური რისკებისგან თავის დაცვა შესაძლებელია და დაზღვევა ამისთვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ხელი შევუწყოთ მეწარმეების ჩართვას სადაზღვევო სისტემაში, რათა მათ გააჩნდეთ მყარი ფინანსური გარანტიები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. სექტორის სტაბილურობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა გურამ მუსხელიშვილმა.
"ჯიპიაი ჰოლდინგმა" სპეციალურად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის შეიმუშავა საინტერესო პროგრამა, რომელიც მათ საკუთარი ქონების დაცვის საშუალებას მისცემს. იგი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის რისკების დაზღვევაზე.
"პროექტის ფარგლებში, დაზღვევის ღირებულების 50%-ს "ჯიპიაი ჰოლდინგი" აფინანსებს. კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე ჩაატარეს სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრა მეწარმეებთან. შექმნილია სადაზღვევო კონსულტანტების სპეციალური მობილური ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ბიზნესის დაზღვევის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით", - განმარტა გურამ მუსხელიშვილმა.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" თბილისის გაყიდვის მენეჯერის-სანდრო გობრონიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროექტში ჩაერთოს აბსოლუტურად ყველა მეწარმე, რამდენადაც ეს იქნება სიმშვიდის გარანტი ასობით ადამიანისთვის, რომ არ შეექმნათ ისეთივე პრობლემა, რისი გადატანაც სულ ახლახან "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულ მეწარმეებს მოუწიათ.
"მთავარია, მეწარმეებმა სწორად გააცნობიერონ რისკი და ქონება დააზღვიონ, რაც მათ მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცავს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ მარაგი მცირე თანხად, სულ რაღაც 15 ლარად დააზღვიონ. ლიმიტი 20 000-50 000 ლარის ფარგლებშია. ვცდილობთ, მოვიცვათ აბსოლუტურად ყველა მეწარმე, აუცილებლობა დავანახოთ, რომ არ ჩავარდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ "ბავშვთა სამყაროს" უამრავი მოვაჭრე აღმოჩნდა", - აღნიშნა სანდრო გობრონიძემ.
მისი თქმით, ანაზღაურდება ასევე ბიზნესის შეფერხების რისკი, რაც გულისხმობს დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ანაზღაურებას, თუკი საწარმო ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას რაღაც პერიოდის განმავლობაში.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ღირებულების 50%-ს თავად აფინანსებს, შესაბამისად, მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვევო პრემია დაწესდა, რაც თვეში მხოლოდ 15 ლარს შეადგენს.
სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეების თქმით, მათ მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვთ შესაძლო რისკი და ის სარგებელიც, რასაც საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ.
მეწარმე ლელა მხეიძე ამბობს, რომ ქონებას აუცილებლად დააზღვევს და გამოიყენებს შანსს, რომელსაც "ჯიპიაი ჰოლდინგი" სთავაზობს.
"გავეცანი სადაზღვევო კომპანიის პირობებს, რასაც უსიტყვოდ ვეთანხმები. ჩვენ ვართ მომსწრე, რაც მოხდა "ბავშვთა სამყაროში", გაცილებით ადრე-"საბაშიც". ამიტომ დაყოვნება არ ღირს. სიამოვნებით დავთანხმდი და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შეთავაზებაა. სულ ცოტა ხნის წინ სავაჭრო ცენტრის ზედა ნაწილში წვიმის გამო რამდენიმე მოვაჭრეს ავეჯი გაუფუჭდა. დაზარალებულების დასახმარებლად არაფერი გაკეთდა. დაზღვევა ნებისმიერი ასეთი მოულოდნელი საფრთხისგან დაგვიცავს და ეს ყველა მეწარმისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს", - ამბობს ლელა მხეიძე.
შპს "საბავშვო საწოლების" მფლობელი ია რეხვიაშვილი ხანძრისგან უკვე დაზარალდა. მისი დანაკარგი 40 000 დოლარს შეადგენს. მეწარმე ამბობს, რომ ქონებას უყოყმანოდ დააზღვევს.
"დაზღვევა მნიშვნელოვანი სერვისია, რომელზეც უარის თქმა უხერხულიცაა იმის შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ გადავიტანეთ. ამ თვალსაზრისით, პირადი გამოცდილება ძალიან მწარეა. თავის დროზე დაზღვევით რომ მესარგებლა, სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდი, ვიდრე დღეს ვარ. ამიტომ სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებას უყოყმანოდ მივიღებ", - ამბობს მეწარმე.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ შემუშავებული ბიზნესრისკების დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს ყველა სახის ქონების დაზღვევას, მარაგის, ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და საოფისე ტექნიკის ჩათვლით, ისეთი რისკებისგან, როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, მოკლე ჩართვით დანადგარებისა და ტექნიკის დაზიანება და სხვა.