"რუსთავი 2"-ის წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ხალვაში აქიმიძისა და დვალის ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა და მათ ერთგვარ მუქარასაც უგზავნის.
"აქიმიძე და დვალი "კაჩაობას" თუ დამიწყებენ, ასე ტელევიზია ტელევიზია სირბილით, შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს. არსებობს ნერვების საზღვარი. რაც ვთქვი, ჯერ ძალაშია - რომ ტელევიზიის დაბრუნების შემთხვევაში წილს გადავცემდი, რაზეც მოვილაპარაკეთ. არსებობს ნერვების საზღვარი.
"მივეცი ჩვენება, რომ წილი პაატა კარსანიძისგან ვიყიდე. მანამდე რა მოხდა, ვინ ვისთან იძალადა, ადეიშვილმა, რომელიც დღესაც უხილავი ძალაა, ვინ წილი დათმო, ამ პროცესებში წვლილი არ მაქვს.
"ვმეგობრობდით, ერთმანეთთან პრეტენზია არ გვქონდა. ადამიანურად, სამართლიანობის აღდგენაში მონაწილეობა შეიძლება მივიღო, თორემ არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია", - აცხადებს ქიბარ ხალვაში.
მისი ამ განცხადებით გაკვირვებულია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი დავით დვალი და ამაში ხელისუფლების პოზიციას უფრო ხედავს, ვიდრე ხალვაშისას.
"გაკირვებას იწვევს ქიბარის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება. იმიტომ, რომ ვინც თვალს ადევნებს ჩვენს აქტივობას, არსად არანაირი არაკორექტული გამონათქვამი და მიმართვა არ გვქონია ქიბარის მიმართ.
"მგონია, რომ ქიბარ ხალვაშმა გაახმოვანა ხელისუფლების პოზიცია. ჩვენი გააქტიურებით უკმაყოფილოა ხელისუფლება, თორემ ქიბარის მისამართით არცერთი არაკორექტული განცხადება არ გაგვიკეთებია.
"ქიბარ ხალვაში კი, რომ აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია 2004 წლის ამბებთან და მხოლოდ მერე იყო, ძალიან სამწუხაროა - ერთ-ერთში იმეორებს მისი ოპონენტების განცხადებას, ყველა ამ ჯაჭვში მონაწილე ხალხი ზუსტად იგივეს აცხადებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დავით დვალი.
"ჩვენ გავაგრძელებთ კორექტულ დამოკიდებულებას ქიბართან, თუმცა, მისი დანაპირები მისი დანაპირებია და თუ უნდა გადაიფიქროს, მისი საქმეა. მაგრამ, ხელისუფლების გასაგონად ვამბობთ, ჩვენ არ გავჩერდებით და სამამართლიანობის აღდგენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - გვითხრა დვალმა.