მმართველი პარტიის წევრები შაბათს "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან. მათი თქმით, ბერძენიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ღიად მიაყენა შეურაცხყოფა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბერძენიშვითან ერთად ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილიც გააკრიტიკა.
"ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენთ ხუხაშვილის, ბერძენიშვილისა და მსგავსი ექსპერტად წოდებულის თუ პოლიტიკოსის შეფასებებს, რომლებიც იმდენად არიან გამწარებულნი, რომ პირად შეურაცხყოფებზე გადადიან. ისინი ხვდებიან, რომ მათ არგუმენტებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ და გადავიდნენ უზრდელობაზე, რომ თავიანთი ინტერვიუები საინტერესო გახადონ.
"ირაკლი კობახიძე იქნება თუ პარლამენტის სხვა წევრი, ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ პატივი ვცეთ საზოგადოებას და მათ ამ გაკაპასებულ პოზიციებზე თავი შევიკავოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც არავის ვურჩევ", - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კი ლევან ბერძენიშვილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.
"უცნაურია, როდესაც ამ პოზიციაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში სხვა პოზიციებით გამოირჩეოდნენ. მათი საქციელი ორმაგი სტანდარტია. ერთი - როდესაც ხარ ხელისუფლებაში და ყველაფერი მოგწონს და მეორე - როდესაც დაკარგავ ამ ყველაფერს და იმ სიტუაციას აკრიტიკებ, რა სიტუაციაშიც წლების განმავლობაში მუშაობდი. ეს ადამიანები ბოღმას ვერ ერევიან და სხვანაირად არც შეუძლიათ პოლიტიკის კეთება", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა შაბათს "განსხვავებულ აქცენტებში" პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა და მას "გაუნათლებელი" უწოდა.
"პარლამენტის თავმჯდომარეს არ უყვარს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. მიდის პრეზიდენტი მასთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახლში არ არის გაზრდილი. ის უბრალოდ გაუნათლებელია. არა მარტო ირაკლი კობახიძე, ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.