საკონსტიტუციო კომისია ბოლო სხდომას სამშაბათს გამართავს
ეკატერინე ბასილაია
15.04.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებისთვის შექმნილი კომისია ოპოზიციური პარტიების გარეშე რჩება. კომისიას გასულ ორშაბათს ბოიკოტი გამოუცხადა პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის", ხუთშაბათს - "ნაციონალურმა მოძრაობამ", მომავალ კვირას კი კომისიის დასატოვებლად ემზადებიან არასაპარლამენტო ოპოზიცია და "პატრიოტთა ალიანსი". უფრო მეტიც, ირმა ინაშვილის გუნდი ბოიკოტთან ერთად მაისიდან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს. ერთადერთი "ევროპული საქართველო" არ აცხადებს გადაჭრით, შეუერთდება თუ არა ოპოზიციის პროტესტს.

საკონსტიტუციო კომისიის სამთვიანი მუშაობა ფინიშს უახლოვდება და თან, საკმაოდ კონფრონტაციულადაც. სამშაბათს, 18 აპრილს კომისიის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაა დანიშნული, სადაც ცვლილებების საბოლოო პროექტის წარდგენა მოხდება. ამის შემდეგ კი, აპრილის ბოლო კვირას, კომისიის გაფართოებული სხდომა უნდა შედგეს, სადაც უკვე კონსტიტუციის ამ შემუშავებულ ვარიანტზე კენჭისყრა გაიმართება. 

უკვე გაცხადებულია, რომ კომისიას არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატები", "ლეიბორისტები", "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვებს, პლუს ორი საპარლამენტო პარტია. ხოლო შეუერთდება თუ არა ამ საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს მესამე საპარლამენტო ოპოზიცია "ევროპული საქართველო", ეს 18 აპრილს გაირკვევა, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" წარადგენს საბოლოო ვარიანტს. დიდი ალბათობაა, რომ ბოიკოტს ეს ახალი "ნაციონალებიც" შეუერთდნენ.

"რა პროდუქტი იქნება, უნდა ვნახოთ. ორი ძირითადი თემაა. ესაა მანდატების განაწილების სისტემა და ასევე ვიცით, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩიონ, მაგრამ 2018 წლიდან თუ როდიდან? ასევე მაჟორიტარული წესის გაუქმება როდიდან?" - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში.

ოპოზიციისთვის მიუღებელია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემა, პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის დატოვება და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა.

ამ პრეტენზიებს დაემატა კიდევ ერთი თემა. ოპოზიციას ასევე აინტერესებს, როდიდან ამოქმედდება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი - როგორ ეს თავიდან იყო დაანონსებული, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუ უკვე 2018 წელს; ასევე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდება მომდევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, თუ 2020 წლის შემდეგ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში ამაზეც არ იძლევიან პირდაპირ პასუხს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, ხოლო ის, თუ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება, არ იციან. ეს კი ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია, რატომაც მიდიან ბოიკოტზე.

15 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარ საკოორდინაციო საბჭოში ბოიკოტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ამ საკოორდინაციო საბჭოში ძველი და ახალი "ნაციონალები" არ შედიან, მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიცია და პლუს, მათ მხარს უჭერს "პატრიოტთა ალიანსი".

ბოიკოტის გარდა ოპოზიციამ შესაძლოა საპროტესტო აქციებსაც მიმართოს. ეს იდეა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ სააგენტო "აიპრესთან" საუბარში გაახმოვანა.

საპროტესტო აქცია უკვე გადაწყვეტილი აქვს "პატრიოტთა ალიანსს", რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კომისიის სხდომებს ისედაც არ ესწრება, თუმცა კომისიას დემონსტრაციულად მომავალ კვირას დატოვებენ და პლუს მაისის შუა რიცხვებიდან პარლამენტის წინ ალიანსის 6-კაციანი დეპუტაცია თანამოაზრეებთან ერთად შიმშილობის დაწყებასაც აანონსებს.

"ჩვენ დავჯდებით საშიმშილოდ. დეპუტატების გარდა, გვიერთდებიან საზოგადოების წევრებიც. არჩევნებში არაფერი იცვლება, დამახინჯებულ მოდელს გვთავაზობენ. რატომ უნდა მიენიჭოს გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას, გაუგებარია, ეს ხომ აბსურდია", - აცხადებს ალიანსის წევრი გიორგი ლომია.

მმართველი პარტია ოპოზიციის გამოცხადებულ ბოიკოტს ირონიით პასუხობს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ახლა, ამ ეტაპზე ნამდვილად სასაცილოა საკონსტიტუციო კომისიის დატოვება, რადგან კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა და ლეგიტიმაციაზე და მსგავს საკითხებზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა".

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურის თქმით კი, "ბოიკოტის არავის არ ეშინია", საკონსტიტუციო კომისიის მხოლოდ ერთი, დასკვნითი სხდომაა დარჩენილი და გაუგებარია ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების არსი.

ის ამბობს იმასაც, რომ ბოიკოტით ოპოზიციას ვერასდროს ვერაფერი მოუგია და ახლაც ასე იქნება.

"ერთი დასკვნითი სხდომაა დარჩენილი და მე ვერ ვხვდები ახლა დატოვება რას ნიშნავს. საქართველოს უახლოეს ისტორიაში მე არ მინახავს, რომ რომელიმე პარტიამ ბოიკოტით რამე მოიგოს. ბოიკოტით შენ თვითონ რჩები პროცესების მიღმა. ეს არის ძალიან მწარე რეალობა, რომელშიც ბოიკოტისტი პარტიები აღმოჩნდებიან ხოლმე. ბოიკოტის არავის ეშინია", - ამბობს ძიძიგური.

"ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ მათ ოპოზიციას უკვე საკმაოდ დაუთმეს, მაჟორიტარული არჩევნები უქმდება და ახლა ყველა მათ წინადადებას ვერ გაიზიარებენ.

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანის თქმით, ძიძიგურსა და მდინარაძეს მაინცდამაინც დიდი სიხარული არ უნდა ჰქონდეთ იმაზე, რომ ბოიკოტი ცხადდება და ისინი თავის სატელიტ ექსპერტებთან ერთად რჩებიან კომისიაში, რადგან ყველა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ნათლად დაინახავს, რომ კენჭისყრაზე ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები გაიტანა, რასაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ თანხმდება და არ "აპრავებს".

"ქართული ოცნება" ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს დამთავრდა კომისიის მუშაობა და რაღა დროს ბოიკოტიაო. ეს ტყუილია. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურები, კენჭისყრებია წინ.  ახლა სამშაბათს სამუშაო ჯგუფებში მუშაობა სრულდება, აპრილის ბოლო კვირას კი კენჭისყრებია, როგორც ჯგუფებში ისე მთლიანად საკონსტიტუციო კომისიაში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რა პროდუქტი წავა პარლამენტში. 

"შესაბამისად, სამუშაო ჯგუფებში მუშაობამ წარმოაჩინა, რომ ხელისუფლება არანაირად არ აპირებს ოპოზიციასთან მსჯელობასაც კი. თავისი ჭკუით შექმნეს ილუზია, რომ მოლაპარაკებების პროდუქტი უნდა მივიღოთო, მაგრამ გადაწყვიტეს მხოლოდ ის, რაც მათ სურდათ და ყველა დაინახავს, რომ ამას არცერთი ოპოზიციური პარტია ხელს არ მოაწერს და არ "გააპრავებს", - ამბობს ახვლედიანი.

მისი თქმით, მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებაა უცნობი და თუ "ევროპული საქართველო" ბოიკოტს არ შეუერთდება, ეს იქნება "საოცრება და იმის პირდაპირი დემონსტრირება, თუ როგორ გარიგებაში არიან ბატონი ბოკერია და ბატონი ივანიშვილი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×