რეზონანსი
15.04.2017

 გერმანიაში, ბერლინის გამოცემა „Tagesspiegel"-მა მიიღო წერილი, რომელშიც წერია, რომ 22 აპრილს სისხლი დაიღვრება. გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურები ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამენ, რადგან დორტმუნდში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თავდასხმის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს.

„ჩვენ ყველაფერს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან დორტმუნდელი დამნაშავის კვალს ვერ მივაგენით" , - განაცხადეს ბერლინის სპეცსამსახურში.

11 აპრილს ქალაქ დორტმუნდში, სამმა აფეთქებამ დააზიანა ავტობუსი, რომლითაც დორტმუნდის „ბორუსიის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაჰყავდათ. აფეთქებისას ავტობუსის ფანჯრები ჩაიმსხვრა.დაშავებულია ერთი ფეხბურთელი - მარკ ბარტრა. მედიის ცნობით, მას აფეთქების ტალღის გამო ავტობუსის შუშა მოხვდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დორტმუნდში, გერმანელი ფეხბურთელების ავტობუსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, სამართალდამცველები „ისლამისტურ" კვალს ეძებენ.

წერილში, რომელიც აფეთქების ადგილას იპოვეს, ტერორისტები იტყობინებიან, რომ „ამიერიდან „ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები იქნებიან, როგორც გერმანიაში ისე სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში".

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. გერმანელი სამართალდამცველები წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიება აღნიშნულ აფეთქებებში „ისლამური სახელმწიფოს" კვალს ეძებს.

„ამ დანაშაულის გარემოებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ტერორიზმთან გვაქვს საქმე, ამიტომ გამოძიება ჩვენ თავზე ავიღეთ" , - განაცხადა გერმანიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×