ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძის განცხადებას პასუხობს, რომელიც „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით აქიმიძემ გუშინ გააკეთა.
„თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი ბრძოლა წაგებულია, მაშინ თქვენი ქცევა გამართლებულია და წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ თქვენს ქცევაში მუდამ არის რაღაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ისეთი, რაც ჩემი წარმატების შანსს ბევრით არა, მაგრამ მაინც ამცირებს. დარწმუნებული ვარ, რომ მე ჩემს პირობას შევასრულებ. მაგრამ აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ ალბათ თავი თქვენგანაც სათანადოდ უნდა დავიცვა. საინტერესოა თქვენ რას დამითმობდით თქვენი წარმატების და ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში?" - წერს ქიბარ ხალვაში „Facebook"-ის თავის გვერდზე.
ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშის განცხადების გამო გაკვირვება გამოთქვა და აღნიშნა,რომ ბიზნესმენის დამოკიდებულება მისთვის მოულოდნელი იყო.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კორექტულები ვიყოთ ქიბარ ხალვაშის მიმართ. მით უფრო გაოცებულები ვართ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მისი გაღიზიანების უკან შეიძლება სხვა რამე დავინახოთ. კერძოდ, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ქიბარ ხალვაში ან მთავრობა ამზადებს ნიადაგს, როგორ დაარღვიოს ის პირობა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე ჩვენ მოგვცა" - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
გუშინ, ქიბარ ხალვაშმა არ გამორიცხა, რომ დამფუძნებლებს შორის ზეპირი შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.
2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, 7 მარტს კი - განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ტელეკომპანიაზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. „რუსთავი 2"-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ.