დღეს საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე „რაგბი ევროპის" ღია ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.
„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის მეოთხედფინალში კანადის ნაკრები ანგარიშით 43:3 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში იაპონიას 42:17 სძლიეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა ფრანგებთან თამაშისთვის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.
განაცხადში არაა ლუკა გელაშვილი, რომელსაც მცირე ტვინის შერყევა აქვს. მის ნაცვლად შერკინების მეორე ხაზში თამაშს იოანე იაშაღაშვილი დაიწყებს, ხოლო მარცხენა ბურჯად, ლუკა ჭელიძის ნაცვლად, გიორგი ახალაძე დადგება.
ქალაქ ბრეტანში მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივარი მის პირდაპირ ეთერში ნახვას www.rugbyeurope.eu-ს ვებგვერდზე შეძლებს.