იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ მას პირველად ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გაავრცელებენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით 14.00 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იერუსალიმის ძველ ქალაქში დამატებით ასობით სამართალდამცველი პატრულირებს.
ცეცხლის გადმოსვლისთვის სამი პირობა არსებობს. ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი" ლოცვა-ვედრებით. რადგან ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. მეორე პირობა საბაწმინდელი ბერების ლოცვაა. ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ პატრიარქი ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ, პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლეს. თავიდან ეს ცეცხლი არ არის მხურვალე და ხელს არ წვავს.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღის ბოლოსთვის, ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.